სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების გამო. მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის არაჰუმანურ ქმედებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას. საგანგაშოა, რომ კვლავ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე რჩება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დააკავეს აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით. იგი დაკავების მომენტიდან მოკლებული იყო შესაძლებლობას ესარგებლა ფუნდამენტური უფლებებით, დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, საბოლოოდ კი წაერთვა სიცოცხლის უფლება. მივიჩნევთ, რომ ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება მიმართულია ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლისკენ და ადასტურებს ეჭვებს ტატუნაშვილის მიზანმიმართული მკვლელობის შესახებ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის წინაშე ჩადენილ დანაშაულში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელია საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მათ წინააღდეგ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტები. კვლავ დაუსჯელია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი ე.წ. აფხაზი მესაზღვრე.
მისასალმებელია საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ოფიციალური უწყებების დროული რეაგირება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას დაუყოვნებლივ გადმოსცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს და უზრუნველყოს საქართველოს ორი მოქალაქისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის საშუალება.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი საქართველოს მოქალაქეების - ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოსახსნელად, ასევე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, რათა პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობებში მონაწილე ყველა პირი.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიორიტებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად.
1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სართაშორისო საზოგადოება
2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
3. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
4. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
5. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
6. საზოგადოება და ბანკები
7. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
9. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
10. მწვანე ალტერნატივა
11. კავშირი „საფარი"
12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
14. საქართველოს გაეროს ასოციაცია
15. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია"
16. მედიის განვითარების ფონდი
17. საქართველოს რეფორმების ასოციაცია