დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MVCMT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 იან 2016

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

მოგმართავთ დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მორიგ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მიმართ სიძულვილს და შეუწყნარებლობას აღვივებს.

"ამ არარაობების წკმუტუნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერაფერს დააკლებს, თუმცა ფაქტია, რომ რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის, გიგი თევზაძისა და მათნაირების უზნეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს. ესენი არიან პარაზიტები, რომლებიც ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი "30 ვერცხლით” იკვებებიან.
[...]
გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის და მათნაირი ათეისტი ექსპერტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაშია, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზე – სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და საქართველოს სხვა მოღალატეების გვერდით!” ("ასავალ-დასავალი", 11-17 იანვარი, 2016)

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ უწყების წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო. გასათვალისწინებელია, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირება ზიანის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის, როდესაც ავტორი მაღალი თანამდებობის პირია.

უკანასკნელ ხანებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – გასული წლის 15 ნოემბერს, თავდამსხმელებისთვის მიუღებელი მოსაზრებების გავრცელების გამო, ცივი იარაღით დაჭრეს მიხეილ ხუნდაძე, ორგანიზაცია "სტუდიო კამპუსის” დირექტორი; ამავე წლის 24 და 30 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცხრილეს; 2016 წლის 12 დეკემბრის საღამოს, ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "ტაბულას” ჟურნალისტებს. თავდამსხმელთა თქმით, ტელეკომპანია მართლმადიდებელ ეკლესიას აკრიტიკებს, აქედან გამომდინარე, თავდასხმის საფუძველი მედიის მიერ განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული აზრის გავრცელება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია „ტაბულა" რელიგიის თავისუფლების საკითხებს სისტემატურად აშუქებს და სივრცეს უთმობს საქართველოში ყველა რელიგიური დენომინაციისა და ჯგუფის წარმომადგენლებს.

მსგავსი ფაქტების გახშირება გამოწვეულია სახელწიფოს არაეფექტური პოლიტიკით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებაში და მასზე გავლენას, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ შეუწყნარებლობის გამოვლენა და სიძულვილის ენის გავრცელებაც ახდენს.

სანდრო ბრეგაძე, სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების საგანი. 2014 წლის 29 ოქტომბერს პლატფორმაში "არა ფობიას!” შემავალმა ორგანიზაციებმა მივმართეთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში, სანდრო ბრეგაძის ინტერვიუს თაობაზე, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის” 2014 წლის 25 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა და რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავდა. 2015 წლის 10 იანვარს კი მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სანდრო ბრეგაძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას" წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილების სოციალური ქსელით გავრცელების გამო. სამწუხაროდ, არცერთ შემთხვევაში ჩვენს მიმართვას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.

გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტრებულია საქართველოს კონსტიტუციით. დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის გარეშე. სახელმწიფო თანამდებობის პირს, როგორც საჯარო პოლიტიკის მწარმოებელს, ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ამ უფლების განუხრელი დაცვა. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება მაშინაც კი, როდესაც გამოთქმული აზრი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამისთვის, პირველ რიგში, თავად თანამდებობის პირებმა უნდა შეიკავონ თავი საჯაროდ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გამოხატვისგან.

მიგვაჩნია, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ მაღალი პოლტიკური თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობს, სისტემატურად აღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას მისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო, მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლება რეაგირების გარეშე ტოვებს ამგვარ გამოხატვას, რაც ბოლო დროს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებზე აისახება.

ვინაიდან სანდრო ბრეგაძის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები კვლავაც მეორდება, მოგმართავთ, იმსჯელოთ თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე, ვინაიდან მთავრობის მხრიდან ბრეგაძის საჯარო განცხადებების უგულებელყოფა მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და იგი ექცევა მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

იდენტობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

უკან