თარიღი: 03 აგვ 2013
MDF “ქრონიკის” სიუჟეტთან დაკავშირებით
MDF-ის განცხადება "ქრონიკის” 1 აგვისტოს სიუჟეტთან დაკავშირებით
მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 1 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედის" 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის გამო, რომელშიც ბათუმში მომხდარი მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ვერსიად რელიგიური მოტივაციაა შემოთავაზებული. რედაქცია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ავრცელებს გარდაცვლილის დედის ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა მკვლელმა მარიამის მსხვერპლშეწირვა მოახდინა.
მისასალმებელია, რომ 2 აგვისტოს ტელეკომპანია იმედი გამოეხმაურა „ქართველ მუსლიმთა კავშირის" მიმართვას, რომელიც მედიასაშუალებას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინა გადაუმოწმებელი, ცალმხრივი მასალის გავრცელებისაგან, რომელიც სიძულვილის გაღვივებას და ისლამის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობდა ხელს. თუმცა, ჩვენი აზრით, ტელეკომპანიის რეაგირება მომხდართან დაკავშირებით არასაკმარისი იყო შემდეგ გარემოებათა გამო:
ტელეკომპანია „იმედი" Media.Ge-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ემიჯნება სიუჟეტში გასულ მარიამ კოჩალიძის ოჯახის წევრების გამოთქმულ ვარაუდს და აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს ტელეიმედის პოზიციას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საინფორმაციო გამოშვების წამყვანის და ჟურნალისტის მხრიდან არ ყოფილა ამ ვერსიის ინტერპრეტაციის მცდელობა", რაც ჩვენი აზრით, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან „ქრონიკის" 8 საათიანი გამოშვების ანონსში საინფორმაციოს წამყვანი ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე აცხადებს შემდეგს: „მსხვერპლთშეწირვის რიტუალი და კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე. საქმის ახალი დეტალები ბათუმიდან", რითაც რედაქცია გამოძიების პროცესში მყოფ ინციდენტს თავად აფასებს რელიგიურ კონფლიქტად, ხოლო მსხვერპლთშეწირვას დადასტურებულ ფაქტად გვთავაზობს.
ტელეკომპანია იმედმა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 (1, 2), მე-14 მუხლების დებულებები, რაც მაუწყებელს ავალდებულებს, უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება; ასევე დაირღვა მე-18 (2) მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, „პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს."
რედაქციას არ მიუღია გონივრული ზომები, ფაქტების სიზუსტის გადასამოწმებლად. რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით დამამძიმებელი გარემოებაა, თუმცა, ჟურნალისტს გარდაცვლილის მშობლის მიერ მიწოდებული ვერსია ოფიციალურ გამოძიებასთან არ გადაუმოწმებია, მან კომენტარისათვის რატომღაც, გარდაცვლილის ნათლიას მიმართა. ქცევის კოდექსი ავალდებულებს მაუწყებელს, ინფორმაცია ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმოს: „როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია." ბუნებრივია, ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ, თუმცა მედია ასეთ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს და მხოლოდ ფაქტების გადამოწმების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მსგავსი მგრძნობიარე თემების გაშუქებაზე, რათა ნებით თუ უნებლიეთ არ შეიყვანოს აუდოტორია შეცდომაში.
ამასთანავე იმედის საინფორმაციო სამსახურმა დაარღვია კოდექის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას" რელიგიური კუთვნილების ნიადაგზე, და ასევე, 33-ე მუხლი. 33-ე (1) მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან”. იმედის შემთხვევაში კი სიუჟეტის ანონსში ინციდენტი რელიგიურ კონფლიქტად იყო სრულიად დაუსაბუთებლად შეფასებული.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არაერთი დებულების დარღვევის გამო, მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედის" რეაგირება „ქართველ მუსლიმთა კავშირის" მიმართვაზე არასაკმარისია. მოვუწდებთ მედია საშუალებას:
· ქცევის კოდექსის მე-13 (3) მუხლის შესაბამისად, მოახდინოს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომის შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშაულებებითა და ფორმებით, სათანადო საეთერო დროს.
მივმართავთ მაუწყებლებს:
· მეტი სიფრთხილით მოეკიდნონ მგრძნობიარე თემების გაშუქებას და დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორები, რომელთა მიზანია, მაუწყებელი „თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად".
მედიის განვითარების ფონდი
3 აგვისტო
უკან