ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის კი გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.
გავრცელებული
ინფორმაციით ბესიკ ქათამაძე პარტია „ქართული ოცნების" წევრებმა კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აქვს თავის არეში. როგორც თავად ბესიკ ქათამაძემ განაცხადა თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბრალი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს წაუყენეს, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლა. ბესიკ ქათამაძის განცხადებით კი მის გარდა ინციდენტში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა. იგი მათ დასჯასაც ითხოვს.
ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა. მსგავს ფაქტებზე არაეფექტური რეაგირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს ამგვარ ქმედებებს და ხელს უწყობს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც თავისმხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე.
ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის აქტზე და დროულად და სრულყოფილად გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საფარი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)