დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UGCOZ
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 05 სექ 2013

ერთობლივი განცხადება სსმ-სთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად

5 სექტემბერი, 2013

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესი წამოიწყო. საბჭო ამტკიცებს, რომ ბარათაშვილმა მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა, თუმცა მაშინ გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის წარმოების მეშვეობით მიაღწია თანამდებობაზე აღდგენას.

საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის საავტორო პოლიტიკური თოქშოუების შესაძლო გაუქმების საკითხმაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კვესიტაძის „აქცენტები" და პაიჭაძის „დიალოგი" შესაძლოა დაიხუროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მენეჯმენტის წარმომადგენლების თქმით, მაუწყებელი ორივე ჟურნალისტთან აგრძელებს თანამშრომლობას და კვესიტაძემ და პაიჭაძემ, შესაძლოა, შემოდგომიდან ახალი თოქშოუ წაიყვანონ. ეს ორი წამყვანი ცნობილია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი ხელისუფლების მიმართ და საზოგადოების ნაწილი მათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებად მიიჩნევს, ხოლო მათ მიერ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უგულვებელყოფად აღიქვამს. შესაბამისად, გადაცემების დახურვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მყარი და ობიექტური არგუმენტებით დასაბუთება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი თავად მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ გააჩენს კითხვებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ შექმნილი გაურკვევლობები უარყოფითად აისახება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო გარემოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მაუწყებლის ეთერში პლურალიზმი უზრუნველყონ. არხის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ხოლო პოლიტიკოსებმა კი, თავის მხრივ, მაუწყებელს მოქმედების სრული თავისუფლება უნდა მიანიჭონ, რათა მან პირნათლად შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება.


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)

უკან