დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NKRTN
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 29 მაი 2019

ორი წელი აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან და დაუსრულებელი გამოძიება

29 მაისს ორი წელი შესრულდა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ. ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, იგი დღემდე სასჯელს იხდის აზერბაიჯანის ციხეში, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დღემდე უშედეგოდ, ყოველგვარი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს. პასუხგაუცემელია აფგანის ადვოკატების მიერ დაყენებული არაერთი მოთხოვნა, მათ შორის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ[1].

ოცდაათზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტს შეისწავლიდა.

ამჟამად, მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; საჩივარი, რომელიც კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების დარღვევას შეეხება, წარდგენილია როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ (მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ, საქმე 39503/17). ორივე სახელმწიფოს მთავრობას უკვე მოუწია ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. საქართველოს მთავრობისადმი დასმული შეკითხვები როგორც მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, ასევე ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტურობას შეეხება.

აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანის ციხეში მოხვედრას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოს შიდა ეროვნული თუ საერთაშორისო იმიჯისათვის. მუხთარლის საქმის გარშემო შეკითხვები რჩებათ საქართველოს პარტნიორებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო; ასევე, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროპულ სასამართლოში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება საქართველოსთვის ფინანსური ზიანის მოტანასთან ერთად კიდევ ერთხელ დააზარალებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიერტირებულის სახელმწიფოს იმიჯს; მაშინ როცა, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ეფექტურად ჩატარების შემთხვევაში ეს დამატებითი ზიანი შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ეფექტური გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯისათვის.

* აფგან მუხთარლის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წევრი ორგანიზაცია – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) წევრი ორგანიზაციების სახელით:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მედიის ინსტიტუტი
საფარი
საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი(GCRT)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSF)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო (TI)


[1] იხ. ასევე, „აფგან მუხთარლის საქმე, ფაქტები და შეფასება", ანგარიში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, მაისი, 2018 წ. ხელმისაწვდომია https://hrht.ge/wp-content/uploads/2018/10/GEO__Online.pdf
უკან