განცხადებები
20 დეკემბერი, 2013
მედიის განვითარების ფონდი MDF შეშფოთებას გამოთქვამს 20 დეკემბერს კიევში, ბორისპოლის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ქართველ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით კაკულია აეროპორტში მცირე ხნით უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებმაც მას განუმარტეს, რომ "საეჭვო საქმიანობის” გამო ქვეყანაში შესვლა ერთი წლის განმავლობაში ეკრძალებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ჟურნალისტებისგან ქვეყნის დატოვებას ითხოვს. 10 დეკემბერს ტელეკომპანია ტაბულას ცნობით, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა პოლიციასა და ევროკავშირის მომხრე მომიტინგეებს შორის დაპირისპირებას, მათ გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროებისა და საემიგრაციო სამსახურმა 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ასეთი ინციდენტები ხელყოფს არა მხოლოდ ჟურნალისტთა გადაადგილების ძირეულ უფლებას, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ფუნდამენტურ თავისუფლებას.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს [ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტსა (CPJ) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RWB)], დაიცვან ქართველი ჟურნალისტები და მათი ფუნდამენტური უფლება, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა ყოველგვარი ბარიერისა და საზღვრების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტიკის ძირითადი ფუნქციის - საზოგადოების ინფორმირების - განხორციელებას.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)