განცხადებები
27 დეკემბერი, 2013
მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო. ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონმდებლობით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს 3 კანდიდატის ნაცვლად, მხოლოდ 1 წევრის ნომინორება მოახდინა, ხოლო საპარლამენტო სესიაზე მეურევეთა კანდიდატების ნახევარს მხარი არ დაუჭირა, ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს, თუ რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული საპარლამენტო უმრავლესობას მის მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელის პრაქტიკული მხარე, როცა შესაბამისს საკანონმდებლო ცვლილებებს ამტკიცებდა.
აღნიშნული მოდელი მეურვეთა კანდიდატებზე შესაჯერებლად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევას ითვალისწინებს, რაც კანდიდატთა ნომინირებისა და კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, ამჯერად ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც კანდიდატურების ნომინირებაზე უფლებამოსილ პირს დაავალდებულებდა, სრულად გამოეყენებინა ეს დისკრეცია. თუმცა, კანონი (მუხლი 26.13) იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფლებამოსილმა სუბიექტებმა საკონკურსო კომისიის მიერ არჩეულ კანდიდატთაგან ერთი და იგივე კანდიდატი ორჯერ წარადგინონ.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი, პირველ რიგში კი საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობით მოეკიდება მის მიერვე დეკლარირებულ საკანონმდებლო ინიციატივას არა მხოლოდ ნორმატიული განაცხადის, არამედ მისი პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისითაც და მოძებნის გამოსავალს ამ ვითარებაში, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი აღქმა იმისა, რომ მმართველი გუნდი პროცესს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით წარმართავს და გადაწყვეტილების მიღებისას უგულვებელყოფს მეურვეთა კანდიდატების პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და საზოგადოებრივ რეპუტაციას.