სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!” ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა "პოსტ ფაქტუმში” გაკეთებულ ქსენოფობიურ
განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის შეფასება გააკეთა.
სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:
"უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება "
აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს. გადაცემის წამყვანის ამ განცხადებით "მთავარმა არხმა” დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი:
"მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე”.
არა ფობიას! წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის პროცესში, ქსენოფობიური განწობების გაღვივების ფონზე, მედიამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინის, არ გახდეს ქსენოფობიური განცხადებების წყარო და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საფარი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
Ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)