დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZMOJO
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 04 სექ 2020

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიას

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის" ქსენოფობიური/თურქოფობიური რიტორიკის გამო და მიიჩნევს, რომ პარტიის საქმიანობა შეიცავს ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს, რაც, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანსის" ფეისბუქის გვერდზე ანტითურქული ნარატივის შემცველი ვიდეორეკლამები გავრცელდა. [1] მათში გაკეთებულია განცხადებები თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 33%-ის მიტაცებისა და ქართველთა გენოციდის, აგრეთვე, საქართველოსა და ოსმალეთს შორის ისტორიული კონფლიქტის შესახებ. ვიდეოში ასახული ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით წარმოაჩენს საქართველოს ამჟამინდელ რეალობასა და ისტორიას და ამდენად, მიზნად ისახავს საზოგადეობაში თურქეთის საწინააღმდეგო განწყობების შექმნასა და სიძულვილის გაღვივებას. [2] ამავე მიზანს ემსახურება პარტიის ლიდერების განცხადებებიც. საგულისხმოა, აჭარაში განთავსებული ბანერი, რომელზეც აჭარა, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, გაწითლებულია ხოლო იქვე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!". გასათვალისწინებელია ისიც, რომ "პატრიოტთა ალიანსის” მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები არ არის ახალი, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს..." ამგვარი საქმიანობის განხორციელება კი საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის დაშლის საფუძველს წარმოადგენს.

ამავდროულად, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „...საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას." აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია პარტიას შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს და დააჯარიმოს.

ამდენად, მართალია, ერთი მხრივ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური გაერთიანების შექმნის უფლება, თუმცა ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას/სანქცირებას, რომელიც ხელყოფს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციით გამყარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთლიანად იმ საფუძვლებს, რაზეც დგას საქართველოს კონსტიტუცია. აღნიშნული აკრძალვა მჭიდრო კავშირშია ე.წ. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის („მებრძოლი დემოკრატიის") კონცეფციასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ „დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად." [3]

პოლიტიკური პარტიები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით და აქვთ უფლება საჯაროდ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, თუნდაც ის იყოს მცდარი და შეცდომაში შემყვანი, თუმცა მათ, ამავდროულად, გააჩნიათ მაღალი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პლატფორმა არ გამოიყენონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად და კონფლიქტის ახალი კერების გასაჩენად. საქართველოს რეალობაში კი ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სახიფათოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

● ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს „პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიისას გამოყენებული სააგიტაციო მასალა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

● პოლიტიკურ პარტიებს, პატივი სცენ დემოკრატიულ ღირებულებებს და წინასაარჩევნო კამპანია თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით განახორციელონ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საფარი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
თბილისი პრაიდი
თანასწორობის მოძრაობა

---------------------------------------------------------------------------

[1] იხილეთ: https://www.facebook.com/watch/?v=598530824176334
https://www.facebook.com/watch/?v=3227069680719435
https://www.facebook.com/watch/?v=3170399549663922
https://www.facebook.com/watch/?v=341080153693446
https://www.facebook.com/watch/?v=1423904454466167

[2] https://www.mythdetector.ge/myth/ra-vitsit-rukis-carmomavlobaze-romelsats-patriotta-aliansi-antiturkuli-kampaniistvis-iqenebs?fbclid=IwAR3RVmgQNzN8jcwV0bVWs6gnDizcMs1u-MpKJcWd201_NjIgM-MXykbyv3U

[3] ოკონელი რ., თავდაცვისუნარიანი დემოკრატია და ადამიანის უფლებათა პრინციპები, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა I, 102
უკან