საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიე", რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა,
24 და
31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. „დოსიეს" მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან" ურთიერთობებს კურირებს.
„დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებიც იკვეთება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები):
- „პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიას კოორდინირებას მოსკოვიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. „დოსიეს" ინფორმაციითვე, ჩერნოვის სამმართველოში წამყვანი თანამდებობები უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს უკავიათ. „პატრიოტთა ალიანსმა" წინასაარჩევნოდ რუსეთისგან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება მოითხოვა (8 430 625 აშშ დოლარი). ანგარიშის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო კამპანიისთვის ჩერნოვის ოფისმა კრემლთან დაახლოებული საარჩევნო ექსპერტი, სერგეი მიხეევი დაიქირავა, რომელსაც ჩერნოვის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვი ხელმძღვანელობენ.
- რუსმა კონსულტანტებმა „პატრიოტთა ალიანსისგან" ქართველი ამომრჩევლების მონაცემები მოითხოვეს (მოთხოვნილ მონაცემებში შედის ამომრჩეველთა პირადი მონაცემები, მისამართები და მათ სახლებში არსებული სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა) და პარტიისგან ამ მონაცემების გადაცემის პირობა მიიღეს.
საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე, „ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის „პატრიოტთა ალიანსის" რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა.
მიგვაჩნია, რომ „დოსიეს" გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის" მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს.
შესაბამისად, მივმართავთ ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას, რომ „დოსიეს" გამოქვეყნებულ ანგარიშებს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ. მოვუწოდებთ:
საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს: საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული მასალები, სამართალდამცავ უწყებებს აძლევს საფუძველს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში"), ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან „დოსიეს" გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მოვუწოდებთ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად.
საქართველოს პარლამენტს: პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, გააჩნია ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია და ინსტრუმენტები. სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ჰიბრიდულ საკითხებზე პარლამენტი უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც. პარლამენტის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ თემატურ საკითხებზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით, განხილვები უნდა გამართოს. საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით, განხილვებმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაკეთდეს საგამოძიებო კომისიად. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან „დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე რეაგირების არქონის პირობებში, მოვუწოდებთ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს: მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების საკითხის მოკვლევას პრიორიტეტი მიანიჭოს და შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროვოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
რონდელის ფონდი (GFSIS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
სამოქალაქო იდეა
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)