დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NTRFD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 31 ივლ 2014

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმიანებიან

31 ივლისი, 2014

 

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმიანებიან. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში გამოძიების პოლიტიკური მოტივაციისა და მიუკერძოებლობის კუთხით არაერთი კითხვა გააჩინა. განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სენატორებმა, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

 

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში განვითარებული პროცესები კითხვებს ბადებს სამართალწარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პირის დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადებები კეთდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ იქამდე, სანამ განხორციელდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ასევე, სისტემატურად ხდება არაბრალეულობის პრეზუმფციის დარღვევა. ყოველივე ეს კითხვებს აჩენს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითრების კუთხით, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ყველა შესაძლო პირის ბრალეულობის შესახებ განცხადებისგან, განსაკუთრებით როცა საკითხი ეხება პოლიტიკოსს.

 

2014 წლის 28 ივლისს, 11 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მოწმის სტატუსით მიხეილ სააკაშვილი 2014 წლის 28 მარტსაც დაიბარეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწმედ გამოუცხადებლობის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ დაკითხვაზე მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილის დაბარება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მიზნად მისთვის ბრალის წაყენებას ისახავდა. მოცემულ ეჭვს აღრმავებს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაც, რომელშიც ფაქტობრივად დადასტურებულია ის გარემოება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებულად ცნობას პროკურატურა ისედაც ისახავდა მიზნად, ხოლო მოწმის სახით დაბარება განხორციელდა მხოლოდ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი მიხეილ სააკაშვილსათვის მიეცათ გონივრული ვადა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებისა და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისათვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წელს გამოიტანა განჩინება საქმეზენიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა იქნა დადგენილი. სასამართლოს განცხადებით, პირის მოწმედ დაბარება, როცა რეალური მიზეზი მისთვის ბრალის წარდგენა იყო, ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას აკნინებდა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეში სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია პრობლემატურად მიგვაჩნია. არამართებულია პირის მოწმის სტატუსით დაკითხვა, თუ საგამოძიებო ორგანოს ხელთ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პირის ბრალდებულად ცნობისთვის. მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაჭიანურებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები იქნას დაუშვებლად ცნობილი. ამ პირობებში გამოძიების ინტერესებიც შეიძლება შეილახოს.

 

ამრიგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პირის მოწმედ დაბარება, როდესაც მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არის სახეზე, წინააღმდეგობაში მოდის როგორც ადამიანის უფლებებთან, ისე გამოძიების საჯარო ინტერესებთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამორიცხოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც გარკვეულ ეჭვებს გამოიწვევს პოლიტიკოსთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღება, რომელიც ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამავდროულად, ვენეციის კომისიის 2013 წლის 11 მარტის CDL-AD(2013)001 მოხსენების გათვალისწინება პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო» (OSGF)

 

იდენტობა

 

მედიისგანვითარებისფონდი(MDF)

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი (INC)

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უკან