16 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტელეკომპანია "მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას Facebook-ის პირად გვერდზე 11 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტის შესწავლისა და უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების თხოვნით მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნიკა გვარამიას პირად ფეისბუკ პოსტს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირად და საჯარო შეურაცხყოფად მიიჩნევს, ასევე თვლის, რომ ამით პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა ხდება:
"...ეს პოსტი, არა მხოლოდ მედიასაშუალების დირექტორის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი და საჯარო შეურაცხყოფაა, არამედ ძირს უთხრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს - პრეზიდენტის ინსტიტუტს”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილში.
მედიის განვითარების ფონდმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა შეისწავლა და ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ჩვენი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. 2020 წლის სექტემბერში მედიის განვითარების ფონდის პლატფორმა "მითების დეტექტორი” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფეისბუკის პარტნიორი გახდა. აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვრეაგირებთ ფეისბუკში ვირუსულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე. ფეისბუკის
პოლიტიკის თანახმად, აღნიშნულ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გადამოწმება ჩვენი პროგრამული ამოცანის მიღმაა.
მედიის განვითარების ფონდმა უკვე მოახდინა რეაგირება პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ
ცნობებზე და ფეისბუკზე რამდენიმე
პოსტი მონიშნა. ამასთანავე, სათანადო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გადავამოწმოთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიერ მოწოდებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ვრცელდება და საზიანოა.