დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SEAZM
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 10 სექ 2014

განცხადება ისლამოფობიის მორიგი ფაქტის შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ10 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტს.

როგორც მედიით გახდა ცნობილი, ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, ლერმონტოვის ქუჩა #13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონატის გახსნა გააპროტესტეს. შეკრებილებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. პანსიონატის დახურვის მოთხოვნით, მათ ქუჩაც ჰქონდათ გადაკეტილი.

 როგორც „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობების" თავმჯდომარემ შამილ კაკალაძემ განგვიცხადა, პანსიონატის გახსნის შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანები მუსლიმებს „სისხლის დაღვრით"ემუქრებიან. მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას პანსიონატის სხვა თანამშრომლებიც ადასტურებენ. პანსიონატის ხელმძღვანელობის თქმით, მუსლიმი მოქალაქეების მისამართით მუქარა უკვე ერთი თვეა გრძელდება.

ჩვენ მიერ ამ დროისთვის მოპოვებული მასალის, თვითმხილველთა განცხადებებისა და მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ინციდენტში შესაძლოა იკვეთებოდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები (დევნა, მუქარა, ხულიგნობა, ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით ან ძალადობის მუქარით).

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამგებელმა სულხან ევგენიძემ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ „მოსახლეობა მოატყუეს", რადგან მათ ეგონათ, რომ სახლში „ქართველი ოჯახები იცხოვრებდნენ".

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ პანსიონის ფუნქციონირებაზე ნებართვა თითქოს სწორედ უმრავლესობის ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება გაიცეს. აღნიშნული განცხადება არის დისკრიმინაციული და ხელს უწყობს შეუწყნარებლობის ესკალაციას.

უნდა აღინიშნოს,რომ ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნისა და შევიწროვების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია.

შემაშფოთებელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების ქცევა, რომლებიც რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც უმცირესობების უფლებების უხეშ დარღვევასა და უმრავლესობისადმი პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2013 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაცემულია რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს „ნულოვანი ტოლერანტობის" პრინციპი რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის და ისლამოფობიის წინააღმდეგ.[1]

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში,ეფექტური და დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა წერტილი დაესვას მოქალაქეების დევნას და დისკრიმინაციას რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე.

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • იდენტობა
  • ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)
  • საფარი
  • უმცირესობათასაკითხებისევროპულიცენტრი(ECMI)
  • საქართველოსრეფორმებისასოციაცია, GRASS
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ფონდი ალპე


[1]http://europa.eu/rapid/press-release_MEMO-14-224_en.htm

უკან