განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 3 მარტს ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. პროცესის შემდგომი ეტაპი ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ითვალისწინებს. მისასალმებელია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა.
ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების ევროპის კავშირში ინტეგრაციის ურყევი სურვილისა და ისტორიული არჩევანის გამოხატულებაა. იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვება სერიოზული ძალისხმევა მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, პირველ ეტაპზე კი - კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი, ევროპის კონტინენტის კონსოლიდაციის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ამ პირობებში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ღირებულებების ერთგულების კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურება.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აუცილებელია „კოპენჰაგენის კრიტერიუმების" შესრულება, რაც ეკონომიკურ შემადგენელთან ერთად, პირველ რიგში, დემოკრატიული სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას (ე.წ. პოლიტიკური კრიტერიუმი) გულისხმობს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, უმცირესობების უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულების არდაშვება, და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დემოკრატიული ინსტუტების მშენებლობის გზაზე.
ამ რეფორმების საგზაო რუკას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები წარმოადგენს. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტში - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ვალდებულებები.
მოვუწოდებთ და ვთხოვთ ხელისუფლებას და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებების მნიშვნელობა და მზადყოფნა, გააგრძელონ კონკრეტული ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმა მათ შესასრულებლად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" (OSGF)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველო
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
უფლებები საქართველო
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
სამოქალაქო იდეა
ღია სივრცე კავკასია
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ლიბერალური აკადემია
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"
ევროპის ფონდი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)