განცხადებები
ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) მოამზადებს და დაეხმარება დეზინფორმაციასთან ბრძოლით დაინტერესებულ პროფესიონალებს, ჩაატარონ სემინარები და ღონისძიებები თავიანთ თემში, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახდინოს ისეთი საზიანო და მცდარი ინფორმაციის იდენტიფიცირება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის ადამიანების კეთილდღეობას და გამოიმუშაოს მედეგობა მის მიმართ.
ICFJ-მ დაიწყო განაცხადების მიღება "ტრენერების ტრენინგისთვის" აფრიკის, აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) ქვეყნებიდან. პროგრამა სამწლიანი გლობალური პროექტის "განაიარაღე დეზინფორმაცია” ნაწილია, რომელსაც ICFJ, სკრიპს ჰოვარდის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.
„ჩვენი მიზანია, აღვჭურვოთ ჟურნალისტები და სათემო ლიდერები მთელს მსოფლიოში იმგვარი ცოდნითა და უნარებით, რაც მათ ადგილობრივ თემებს გააძლიერებს," აღნიშნავს ICFJ-ის უფროსმა პროგრამის დირექტორი პოლ როთმანი და დასძენს: ”დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლა და ჯანსაღი, ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო ეკოსისტემების ხელშეწყობა სათემო დონის ცნობიერებასა და მოქმედებას მოითხოვს”.
აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ოთხსაათიან ონლაინ კურსზე (ინგლისურ ენაზე), რომელსაც Poynter Institute-ის MediaWise გაუძღვება. ონლაინ კურსის გავლის შემდეგ, თითოეული რეგიონიდან ხუთი აპლიკანტი შეირჩევა, რომელიც მიწვეული იქნება ტრენინგზე ოფლაინ ფორმატში, შემდეგ კი თითოეული მიიღებს $2,000 გრანტს საკუთარი სათემო ღონისძიებებისა და სემინარების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არაა განკუთვნილი, აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ დეზინფორმაციის საკითხებთან მუშაობის წინარე გამოცდილება და სანდოობის ის ხარისხი, რომელიც მომავალ მსმენელებთან ნდობის მოპოვებისთვისაა საჭირო.
განაცხადების მიღება 4 აგვისტოს შეწყდება, ხოლო ონლაინ კურსი სამი დღის შემდეგ, 7 აგვისტოს, 12-დან - 4 საათამდე (GMT) ჩატარდება. ონლაინ კურსი ღია იქნება ყველა მონაწილისთვის და მოიცავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა მედია და ინფორმაციული წიგნიერება, დეზინფორმაციის ტიპები და ფაქტების გადამოწმების ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა გეოლოკაცია.
კანდიდატები, რომლებიც არ დაესწრებიან ონლაინ კურსს, ფიზიკური ტრენინგისა და გრანტის მინიჭების ეტაპებს ავტომატურად გამოეთიშებიან. მათ, ვისაც სურთ, დაესწრონ ონლაინ კურსს, მაგრამ არ სურთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, ასევე შეძლებენ აირჩიონ ეს ვარიანტი სააპლიკაციო ფორმაში.
ფიზიკური ტრენინგი და გრანტები
წელს პროექტის ფარგლებში 20 გრანტის გაცემაა დაგეგმილი, (ხუთი გრანტი თითო სამიზნე რეგიონზე) თითოეული 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რათა დავეხმაროთ გრანტის მიმღებებს საკუთარი ტრენინგების შემუშავებაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში. გამარჯვებულები აგვისტოს ბოლოს გახდებიან ცნობილი და მოწვეულნი იქნებიან ტრენერების ტრენინგის სესიაზე (ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა მალე გახდება ცნობილი).
ტრენინგი ფოკუსირებული იქნება მონაწილეთა ტექნიკური ექსპერტიზის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება, ასევე აუდიტორიის ჩართულობა. სესიებს ჩაატარებს MediaWise, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით თითოეული სამიზნე რეგიონიდან: Africa Check (აფრიკა), FactCrescendo (აზია), Fatabyyano (MENA) და მედიის განვითარების ფონდი (ევროპა).
„მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ ICFJ-თან ტრენერების მომზადების პროგრამაზე და ვიმუშაოთ გამორჩეულ რეგიონულ პარტნიორებთან," - აღნიშნავს ბრიტანი კოლარი, Mediawise-ის ტრენინგების საერთაშორისო მენეჯერი. ”მცდარი ინფორმაცია, იმისდა მიუხედავად, განზრახ ვრცელდება ის თუ არა, ზიანს აყენებს ჩვენს გლობალურ საზოგადოებას. ლოკალიზებული ტრენინგების საშუალებით, ინდივიდები შეისწავლიან მათთვის რელევანტურ ტექნიკებს, რათა ყალბი ინფორმაციის გავრცელების შეჩერებას შეუწყონ ხელი."
ტრენინგის შემდეგ, გამარჯვებულები დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, სადაც მოუწევთ, შეიმუშავონ და ჩაატარონ საკუთარი ღონისძიებები და სემინარები მინიმუმ 60 ადამიანისთვის 2024 წლის ივნისამდე.
თუკი აპირებთ გრანტზე განაცხადის შეტანას, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატები:
უნდა დაესწროთ თავდაპირველ ოთხსაათიან ონლაინ ტრენინგს 7 აგვისტოს;
გქონდეთ მზაობა, დაესწროთ ტრენინგს, რომელიც პირისპირ ფორმატში, ფიზიკურად გაიმართება;
შეიმუშავოთ და განახორციელოთ საკუთარი ტრენინგები 2024 წლის ივნისამდე;
გქონდეთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი – როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ტრენერთა ტრენინგები ინგლისურ ენაზე გაიმართება.
გქონდეთ წინარე ცოდნის მინიმალური გამოცდილება, რათა შეძლოთ სხვა ადამიანების დეზინფორმაციის საკითხებში მომზადება. არ არის სავალდებულო, იყოთ ჟურნალისტი, მაგრამ წარმატებულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ნდობა საკუთარ თემში, რათა შექმნან გარემო, რომელიც მსმენელებზე ზემოქმედებისთვის არის საჭირო.
პროექტს "განაიარაღე დეზინფორმაცია” ICFJ სკრიპს ჰოვარდის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. სამწლიანი პროექტი ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის სტუდენტებს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ამზადებს.