განცხადებები
ვეხმაურებით საჩხერეს "ჩიხურას" უკანასკნელი მატჩების დროს მომხდარ ინციდენტებს, რამაც ჩრდილი მიაყენა არა მხოლოდ ქართული სპორტს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და მისი საერთაშორისო იმიჯიც დააზარალა.
2014 წლის 24 ივლისს, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურასა" და თურქეთის "ბურსასფორს" შორის ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩი გაიმართა, რა დროსაც გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა თურქ გულშემატკივარს. აღნიშნულს მოყვა გუნდების გულშემატკივრების, ფეხბურთელების და მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლების დაპირისპირებაც. იმავე მატჩის მსვლელობის დროს ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა ნაცისტური მისალმებითა და დროშით ანტითურქული გამოსვლაც მოაწყო.
ზემოაღნიშნულის გამო, უეფამ საჩხერის გუნდს სანქციები დაუწესა - ქართული კლუბი 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა, მომდევნო შეხვედრებზე კი სტადიონის ტრიბუნები დახურული იქნება.
ერთ კვირის შემდეგ, იმავე გუნდის თამაშის დროს ნაციონალისტურ ნიადაგზე მაპროვოცირებელი ნიშნების შემცველი ქმედება კვლავ განხორციელდა: 31 ივლისს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილ საქართველოს რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც იყო დატანილი.
მართალია აღნიშნულის გამო, მოგვიანებით, "ჩიხურას" პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილ ინციდენტებზე, თუ საქართველოს სპორტის მინისტრის ლაკონურ კომენტარს არ ჩავთვლით, უეფას სანქციები ერთადერთი ოფიციალური პასუხი აღმოჩნდა, არც ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც საკუთარ ინტერნეტ გვერდზე "ჩიხურას" 24 ივლისის გამარჯვებას "გმირულს" უწოდებს და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პასიურობა მიანიშნებს, რომ თავდაპირველად მომხდარ ინციდენტზე მათი რეაქცია სუსტი და არასათანადო იყო, რის გამოც გაცილებით საშიში და ქვეყნისთვის საფრთხილო პროვოკაციის მომსწრენი გავხდით. ასეთი მიდგომა, ჩვენი აზრით, შემდგომშიც წაახალისებს იმავე ხასიათის ქმედებებს, როგორც ფეხბურთელების, ასევე მათი გულშემატკივრის მხრიდან.
ასევე, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ მატჩს ესწრებოდნენ, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ კი, დაუყოვნებლივ უნდა აღეკვეთათ ნაცისტური გამოსვლები, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული საშუალებებით უნდა ემოქმედათ.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI
მედიის განვითარების ფონდი, MDF
იდეონტობა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS
საფარი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,EMC
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI
კონსტიტუციის 42-ე მუხლი