დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XEMBA
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 01 მარ 2024

დემოკრატიის პროგრამა ახალციხის ჯგუფისთვის მონაწილეებს იღებს

მედიის განვითარების ფონდი (MDF) დანიურ ორგანიზაცია The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობით იწყებს განცხადებების მიღებას დემოკრატიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ახალციხის ჯგუფისთვის. 


პროგრამა პროექტის - "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: Demdocs ახალგაზრდებისთვის” - ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში. 


დემოკრატიის პროგრამა, რომელიც თბილისსა და საქართველოს 5 ქალაქში/დაბაში (ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხულოში, ყვარელში) ხორციელდება, შემდეგ აქტივობებს მოიცავს:

  1. დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება და მოწვეულ სპიკერთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა;
  2. ამბის თხრობის მედია ლაბორატორიაში ტრენინგი მულტიმედიურ ჟურნალისტიკაში; 
  3. ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ბლოგის/ვლოგის მომზადება და პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრეზენტაცია;
  4. კონკურსში "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე” მონაწილეობა.

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება The Why Foundation-ის მიერ მოწოდებული და ქართულად გახმოვანებული დოკუმენტური ფილმები.

ამბის თხობის მედია ლაბორატორიაში მონაწილეები ისწავლიან მულტიმედია პლატფორმების გამოყენებით დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების თემებზე მედია პროდუქტის მომზადების ინსტრუმენტებს. პროექტის მონაწილეები გაეცნობიან: წერის სტრუქტურას, ამბის თხრობის ვიზუალურ ხერხებსა და პლატფორმებს, მობილური ჟურნალისტიკის საფუძვლებს. მედია ლაბორატორიაში დაგეგმავენ და მოამზადებენ ნაშრომებს, რომელთა პრეზენტაციაც პროგრამის დასრულების შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება. 


პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ The Why Foundation-ის და MDF-ის ერთობლივი სერტიფიკატები.


პროექტის ფინალურ ეტაპზე გაიმართება კონკურსი "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე”, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომების (დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების თემაზე) ავტორებს გამოავლენს. 3 გამარჯვებული თბილისში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.


დემოკრატიის პროგრამა ახალციხეში 22 მარტს დოკუმენტური ფილმის "ჯაშუში” ჩვენებით/თანხმლები დისკუსიითა და ამბის თხრობის მედია ლაბორატორიის სემინარით დაიწყება.


საბოლოო ნაშრომების პრეზენტაციამდე, მონაწილეებთან პროექტებზე მუშაობა ონლაინ ფორმატში გაგრძელდება.


კურსის საერთო ხანგრძლივობა 2,5 თვეა, რაც ითვალისწინებს: 2 დოკუმენტური ფილმის ჩვენება-დისკუსიაში მონაწილეობას (2-2 სთ), ამბის თხრობის 2 სემინარში მონაწილეობას (3სთ) და შეხვედრებს შორის ონლაინ კონსულტაციას (მონაწილეებისთვის მოქნილი გრაფიკით).


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?


პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 30 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას.


პროექტში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: აპლიკაციის ფორმა


აპლიკაციის ფორმა განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 18 მარტი


 MDF-ის შესახებ


მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა. 


2014 წელს MDF-მა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორი” დააფუძნა. 2019 წლიდან "მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (IFCN), ხოლო 2023 წლიდან ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია. 2020 წლის სექტემბრიდან "მითების დეტექტორი” Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს.


TWF-ის შესახებ

 

The Why Foundation 2004 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი ხარისხის დოკუმენტურ ფილმებზე თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს. TWF-ის მიზანია ამბების თხრობის გზით მოქალაქეები ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ჩართოს. 

უკან