დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
APASK
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 26 აგვ 2025

IFCN საქართველოში ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზციებზე სახელმწიფოს ზეწოლას გმობს

საერთაშორისო ჯგუფები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფაქტების გადამმოწმებლებზე ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის 


ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოძიებები, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო, ასევე ე.წ. „უცხოური აგენტების" კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარა, საგანგაშო ესკალაციაა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან.


მედიის განვითარების ფონდი (MDF), „მითების დეტექტორის" დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც IFCN-ის მიერ სერტიფიცირებული „პრინციპების კოდექსის" ხელმომწერია, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა იზრდება, მათ შორის მოთხოვნები პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი მონაცემების გადაცემაზე. MDF აღნიშნავს, რომ ეს ზომები, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს. 


ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო MDF-ის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე — მათ შორის დონორების დაფინანსებისა და პროექტების საქმიანობის შესახებ. გამოძიებას ასევე საფუძვლად დაედო რედაქტორ თამარ კინწურაშვილის საჯარო განცხადებებიც, მათ შორის მისი გამოსვლა Deutsche Welle-ს გლობალურ მედია ფორუმზე, სადაც მან „სიტყვის თავისუფლების ჯილდო" მიიღო.


ხელისუფლების მიერ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები ამ ქმედებებს დამოუკიდებელი არაკომერციული ჯგუფებისა და თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის დასრულება „როგორც პუტინის რუსეთში". 

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა მედიაწიგნიერების გავრცელება, FIMI-ის (უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის) წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის სანდოობის ხელშემწყობი სხვა ინიციატივები, რომლებიც დაფინანსებულია დასავლელი დონორების მიერ, ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან," ნათქვამია კინწურაშვილის განცხადებაში. 

ხელისუფლება ამ ქმედებებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ახორციელებს. ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა, Amnesty International-მა, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და აშშ-ის ორივე პარტიის სენატორებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ გზას.


ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრები არიან. IFCN-ის „პრინციპების კოდექსის" დიდი ხნის ხელმომწერები – „მითების დეტექტორი" და FactCheck Georgia – აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და აძლევს მოქალაქეებს წვდომას გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე.  


IFCN გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უნდა მუშაობდეს შიშის გარეშე. 


2015 წელს დაფუძნებული IFCN იცავს პრესის თავისუფლებას და მხარს უჭერს ფაქტების გადამმოწმებლებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი კოლეგების გვერდით.


—---------

განცხადება ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვებგვერზე 


უკან