განცხადებები
გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის მედია ვასაძის მხრიდან ბათუმის ტელეკომპანია "25 არხის" ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამო.
ჟურნალისტის განცხადებით, დეპუტატის მხრიდან მის მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი 25-ე არხის ეთერში 8 ივნისს გასულ საგამოძიებო ფილმს "უმაღლესი კომფორტით" უკავშირდება.
შემაშფოთებელია მუქარის ის ფორმა, რომელიც დეპუტატმა მედიის წარმომადგენლის მიმართ გამოიყენა, რისი დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი ტელეკომპანია "25 არხმა" გაავრცელა.
მიუღებელია ხელისუფლების უმაღლესი პირის მხრიდან ზოგადად ჟურნალისტთან ამ სახით კომუნიკაცია, სამრთლადამცავ სტუქტურებში ჩივილით დამუქრება და მით უმეტეს, მისი პირადი ცხოვრების დეტალებით სპეკულაციური დაინტერესება, რაც ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობას წარმოადგენს. ჟურნალისტის, ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მაღალი თანამდებობის პირი კარგად უნდა აცნობიერებდეს იმ ზღვარს, რომელიც კერძო და საჯარო სფეროს შორის არსებობს.
მივმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესს საბჭოს, ასევე ფრაქცია "ქართულ ოცნებას" რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ინციდენტზე და საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტის მიმართ მუქარის ამ მცდელობას.