დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RWBJO
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 25 აპრ 2012

კომენტარები თოქ-შოუ „100 C”-ის გამო

2012 წლის 20 აპრილს, პარასკევს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გავიდა თოქ-შოუ „100 C”, რომლის მთავარი თემა თინეიჯერების პრობლემები, ანუ, ავტორთა ინტერპრეტაციით - „რთულად აღსაზრდელი თაობის" პრობლემების განხილვა გახლდათ. გადაცემამ თავისი შინაარსითა და პროფესიონალიზმის ხარისხით საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.


„მედიის განვითარების ფონდის" აზრით, გარდა პროფესიონალური პრობლემებისა (ზედაპირულობა, განსახილველ თემატიკაზე ინფორმაციისა და განათლების სიმცირე, დაუბალანსებლობა, მაყურებლის შეცდომაში შეყვანა დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით და ა.შ.), გადაცემა თავისი შინაარსითა და საკითხის გაშუქების ფორმით არღვევს საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ტელეკომპანიებისთვის.


რადგან გადაცემის შინაარსი და ფორმა გვაფიქრებინებს, რომ მის შემქმნელებს (და სავარაუდოდ - საზოგადოების დიდ ნაწილს) ამ კოდექსის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ, გადავწყვიტეთ დეტალურად შევჩერდეთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებიც, „მედიის განვითარების ფონდის" აზრით, გადაცემის ავტორებმა და ტელეკომპანია იმედმა დაარღვიეს, კერძოდ:


თავი III, ჯეროვანი სიზუსტის დაცვა, რომელიც მოითხოვს, რომ  „მაუწყებელმა  მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე; მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება" - გადაცემაში ახალგაზრდული სუბკულტურების გაშუქება მოხდა არასანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნაჩვენები ფოტო თუ ვიდეომასალის წარმოშობის წყაროს მითითების გარეშე; მთელი რიგი ფაქტების - მტრედებისა თუ სხვა ცხოველების დახოცვა და ასე შემდეგ,  ყოველგვარი საფუძვლისა და დამამტკიცებელი მასალის გარეშე, გადაცემის ავტორებმა დაუკავშირეს ემო-ს, გოთებისა თუ სხვა სუბკულტურულ ჯგუფებს. მოახდინეს განზოგადება, რასაც კოდექსის კიდევ ერთი მუხლი საგანგებოდ კრძალავს (ამაზე ქვემოთ );


ტელემაუწყებელმა „იმედმა" უგულვებელყო ინფორმაციის წყაროების მრავალფეროვნების  მოთხოვნა და მიუკერძოებლობის პრინციპი (თავი IV. მუხლი 15), რომელიც მოითხოვს, რომ დებატები არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის  დაცვა. (გადაცემაში თავად წამყვანისა და სტუმების მიერ არაერთხელ იქნენ მოხსენიებული ახალგაზრდული სუბკულტურების წარმომადგენლები „სატანისტებად", „შავი წარსულის" მქონეებად და ასე შემდეგ; ფსიქოლოგის კომენტარი, რომელსაც შეეძლო მსგავსი სოციალური ჯგუფების შინაარსისა და მასში ახალგაზრდების გაწევრიანების ახსნა და განმარტება, გადაცემის საეთერო დროს 5 პროცენტზე ნაკლებს მოიცავდა; გადაცემაში საერთოდ არ იყო მოყვანილი ამ სუბკულტურული ჯგუფების ისტორია, მათი წარმოშობის სოციალური და ფსიქოლოგიური წინაპირობები და, რაც მთავარია - რეალური შინაარსი; სუბკულტურული ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების (არასრულწლოვნების) ოპონენტებად მოწვეული იყო 3 სასულიერო პირი (მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი), რითიც საბოლოოდ დაირღვა ბალანსი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დარღვეულია სამართლიანი მოპყრობის პრინციპიც (თავი V; მუხლი 19).


მათ შორის, საინტერესოა, დაცული იყო თუ არა მოთხოვნა, რომ:  თუ მონაწილე არის 18  წლამდე ასაკის, თანხმობა მიღებული უნდა იყოს მშობლისგან, მეურვისაგან ან მზრუნველისაგან.   მიგვაჩნია, რომ ასევე დარღვეულია მოთხოვნა შემდეგი (თავი V; მუხლი 21), რომ: თუ გამოყენებულია იმ პირის ან ორგანიზაციის შეხედულებები, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს პროგრამაში, დაცული უნდა იყოს სამართლიანობა. ეს პირობა განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეების საკითხის განხილვისას. (გადაცემის განმავლობაში საუბარი იყო სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლებზე ისე, რომ მათი უმეტესობის პოზიცია არ გახლდათ მოყვანილი გადაცემაში); 


გადაცემაში ე.წ. ფარული გადაღების დროს დარღვეული იქნა არასრულწლოვანთა უფლებაც, მოხდა რა ფარულად ჩაწერილი მოზარდის ფაქტობრივი იდენტიფიცირება - მოზარდის ხმა არ იყო შეცვლილი, კორესპოდენტმა დაასახელა რესპოდენტი გოგონასათვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი და, ასევე, გამოქვეყნდა ფოტოსურათები, რომელშიც მოზარდის ასევე მოზარდი მეგობრები არიან იდენტიფიცირებული; დარღვეულია არასრულწლოვანთა დაცვის სხვა საკითხებიც (თავი XI; მუხლი 44). კერძოდ, ეს მუხლი გვეუბნება, რომ:  „არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად”;  შეგახსენებთ, რომ ტელემაუწყებელმა მის მიერვე ფაქტობრივად „კატისმკვლელებად" და „სატანისტებად" შერაცხული მოზარდების იდენტიფიცირება მოახდინა. ისაუბრა იმაზე, რომ მოზარდებს, რომლებიც მსგავს ჯგუფებში იმყოფებიან, „შავი წარსული" აქვთ და ა.შ. შესაბამისად, აქ არც კი იყო მცდელობა მომხდარიყო „არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა",
 

ცალკე საკითხია და მთლიანად დარღვეულია მაუწყებელთა კოდექსის თავი IX, მრავალფეროვნება, თანასწორობა და შემწყნარებლობა, კერძოდ: 

მუხლი 31. მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი: „ მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგი ან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას  რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე". - გადაცემა მთლიანად წარმოადგენდა ახალგაზრდული სუბკულტურების მიმართ სიძულვილის, არატოლერანტობის გაღვივების მაგალითს. აქ იყო მოყვანილი სრულიად დაუსაბუთებელი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მსგავსი ჯგუფების წარმომადგენლები დასავლეთში „ბავშვებს ხოცავენ სასაფლაოებზე". წამყვანი კი იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდა მსგავსი სტერეოტიპის დამკვიდრებას, წამქეზებლის ამპლუაში მოგვევლინა. 

შესაბამისად, დარღვეულია ამავე თავის მუხლი 32: „მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა; მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს".

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გადაცემაში პირდაპირ არის დარღვეული მაუწყებელთა კოდექსის მუხლი 33, რომელსიც მითითებულია, რომ: 
„2.       მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი;  3.       მაუწყებელმა  თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ  და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება".

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაცემა არ უნდა დარჩეს მედია-ეთიკაზე მომუშავე ორგანიზაციათა და უფლებადამცველთა რეაგირების გარეშე. ამასთან, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი საკითხის გასაჩივრებას ითვალისწინებს „დაინტერესებული პირის" მიერ. ამ მოტივით, საჩივრების განმხილველი კომისიების მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციები „არასათანადო მომჩივანებად" განიხილებიან. ამიტომ მოვუწოდებთ გადაცემის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ მხარეს - არასრულწლოვნებს, მათ მშობლებს და/ან კონკრეტული სუბკულტურული ჯგუფების წარმომადგენლებს გაასაჩივრონ გადაცემის მიერ მათი უფლებებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა. „მედიის განვითარების ფონდი" მათ სარჩელის მომზადებასა და გასაჩივრების პროცედურების დაწყებაში თანადგომას სთავაზობს. 

მეტი დეტალისთვის იხილეთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.

 



მედიის განვითარების ფონდი

უკან