დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EWXPT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 01 მაი 2014

MDF-ის, GDI-ისა და TDI-ის განცხადება კრიმინალური ფაქტის ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქების გამო

გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან "მოამბეში" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ეჭვმიტანილი ერაყის მოქალაქის დაკავებას შეეხება.

 

ვთვლით, რომ ერთი კრიმინალური ფაქტის მთელ ჯგუფთან გაიგივება, მით უფრო ზოგადად უმცირესობებთან, ყოვლად დაუშვებელია და წარმოადგენს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე (1) მუხლის დარღვევას, რომლის თანახმადაც, "მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან." ანალოგიურ ნორმას ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც, რომლის მე-15.1 მუხლი შემდეგ სტანდარტს აწესებს: "განასხვავეთ უმცირესობის ინდივიდუალური წარმომადგენლისა და ზოგადად მთელი უმცირესობის საქმიანობა. ნუ გააგივებთ ინდივიდს მთელ უმცირესობასთან." ასევე საყურადღებოა მე-15.2 მუხლი, რომლის თანახმად, უმცირესობის მიერ ჩადენილი დანაშაული არ უნდა გაშუქდეს ისეთი ფორმით, რომელიც "მედია პანიკის" სახელწოდებით არის ცნობილი.

 

ჟურნალისტი, ადგილობრივი მცხოვრებლების კომენტარების საფუძველზე, სარედაქციო ტექსტში ამ კონკრეტული ინციდენტის განზოგადებას ზოგადად უმცირესობებზე ახდენს, რითაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა მოძალადეებად წარმოჩენა ხდება. მსგავსს შეფასებას კიდევ უფრო ამძაფრებს თანმხლები შავკანინათა ვიზუალური მასალა, რაც კადრში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანთა ძალადობრივ ქმედებასთან ასოცირებას იწვევს.

 

ნიკა მოლოდინაშვილი, ჟურნალისტი: "ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ უმცირესობების უფლებების დარღვევის შიშით, მათ ეზოში შეკრებილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხშირად ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, შენიშვნასაც კი ვერ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში არა უმცირესობების, არამედ მათი უფლებები ირღვევა."

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33 (2) მუხლი, ასევე ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-15(1) მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითოს პირის იდენტობა, თუ ამას საკითხის გაშუქებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მისი ქმედებით ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპის ჩამოყალიბებას, რომ დანაშაულს ეთნიკურ წარმომავლობასთან ან გეოგრაფიულ კუთვნილებასთან რაიმე კავშირი აქვს. ამ თვალსაზრისით, ვთვლით, რომ იდენტურ ფაქტზე ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" მიერ მომზადებული სიუჟეტი (29 აპრილი)სამაგალითოა, რადგან კრიმინალური შემთხვევის არსი და განვითარებული მოვლენები ეთნიკური და მოქალაქეობრივი კუთვნილების გარეშეა გადმოცემული.

 

ამასთანავე ჩვენს შეშფოთებას იწვევს ინტერნეტ-პორტალ "გურია ნიუსის" მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირის, შოთა აფხაიძის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სტატუსზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია "ერაყელი, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატირუა, თავისუფალია?" (30 აპრილი), თითქოს სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ერაყის მოქალაქის გათავისუფლება საქართველოში ამერიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოთხოვნით მოხდა. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს, მედია საშუალება მაინც ახდენს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას, რაც არღვევს სამართლიანი და ობიექტური მედია გაშუქების პრინციპს - უზრუველყოს ფაქტების სიზუსტე და არ დაუშვას ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

 

ვთვლით, რომ მედია მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მსგავსი თემების გაშუქებას და არ მოახდინოს დაინტერესებული წყაროების მიერ გავრცელებული ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების ტირაჟირება, რაც უცხოელების მიმართ სიძულვილს გააღვივებს.

უკან