წარმატებული საქმეები
მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა ტოლერანტობის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა იმ მედია საშუალებებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.
საკონკურსო ჟიური:
ბექა მინდიაშვილი - სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი;
თიკო ცომაია - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
დავით პაიჭაძე - ილიას უნივერსიტეტი,
რამაზ აფციაური - გაეროს ასოციაცია,
ქეთევან მსხილაძე - მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
2014 წლის ტოლერანტობის პრიზის გამარჯვებულები:
ვახო სანაიამ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ტელეკომპანია "მაესტროზე" მას გადაცემა "ვახო სანაიას რეპორტაჟი" მიჰყავდა. სხვადასხვა დროს იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემების ავტორი და წამყვანი იყო.
"რადიო თავისუფების" თბილისის ბიუროს ტოლერანტობის პრიზი გადაცემათა ციკლისთვის "გენდერული ამბები" გადაეცა.
გადაცემა ეთერში 2014 წლის მარტიდან ყოველდღიურად გადის.
1 საათიანი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადაცემის წამყვანებმა მოწვეულ სტუმართან ერთად გენდერთან დაკავშირებულ
აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ტოლერანტობის პრიზი ტელესერიალისთვის "ჩემი ცოლის დაქალები" გადაეცა.
ფორმულა "კრეატივის" მიერ შექმნილი კომედიური სერიალი რუსთავი 2-ის ეთერში 2011 წლიდან ყოველ შაბათ-კვირას გადის. სერიალი ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს ეხება, მათ შორის თანასწორობის და მრავალფეროვნების, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების საკითხებს.
სცენარის ავტორი:ქეთი დევდარიანი. რეჟისორები: გიორგი ლიფონავა
პროდიუსერები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა
გუმბარიძე.
ლევან სუთიძეს ტოლერანტობის პრიზი გადაცემისთვის "საუბრები რელიგიაზე" გადაეცა.
გადაცემა რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებას ისახავს მიზნად და ის ყოველ ოთხშაბათს, ტაბულას ეთერში 21:45-ზე გადის.
"საუბრები რელიგიაზე" ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი გადაცემააა, რომელიც განსხვავებული რელიგიური მრწამსის, ტრადიციებისა და მიმდინარეობის ადამიანებს, ასევე მათ, ვინც თავს არ მიაკუთვნებს არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას რელიგიის ისტორიის, მისი სოციალური როლის, თანამედროვეობისა და რწმენის, რწმენისა და გონების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ იმსჯელონ.
გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან სუთიძე ჟურნალ „ტაბულას" საზოგადოების განყოფილების ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველია.
რეგიონალურ მედიაში ადამიანის უფლებების გაშუქებისათვის ტოლერანტობის პრიზი კახეთის საინფორმაციო ცენტრს რუბრიკისთვის ადამიანის უფლებები გადაეცა.
მცხეთა - მთიანეთის (www.icmm.ge) და ქვემო ქართლის(www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებთან ერთად კახეთის საინფორმაციო ცენტრი რეგიონალური საინფორმაციო ცენტრების ქსელში შედის. ადამიანის უფლებების რუბრიკა ვებ-პორტალს 2011 წლიდან დაემატა და იგი საზოგადოებას ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი თემების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
საინფორმაციო ცენტრს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას 2004 წლიდან ეწევა.
"ნეტგაზეთის" ბლოგერს გია მარიამიძეს ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის "გამოცხადებული დღესასწაულის ქრონიკები" გადაეცა.
გია მარაიამიძე ინტერნეტ პორტალ "ნეტგაზეთთან" 2010 წლიდან თანამშრომლობს. მისი ბლოგები აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს შეეხება. გია მარიამიძე შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა.
"ლიბერალის" ბლოგერს ნინო ბაიდაურს ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის"განსაკუთრებულობა, როგორც ტყუილი და უსამართლობა" გადაეცა.
ინტერნეტ პორტალ "ლიბერალთან" თანამშრომლობის გარდა, ნინო ბაიდაური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წევრი და პროექტების კოორდინატორია. ადამიანის უფლებები მისი ინტერესების ძირითადი სფეროა. არის მოყვარული ფოტოგრაფი და რამდენიმე ჯგუფური გამოფენის მონაწილე. როგორც ამბობს, მუდმივად ცდილობს, არ მოწყდეს შემოქმედებით სივრცეს და გარდა ფოტოგრაფიისა, გააღრმავოს საქმიანობა სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის, როგორც ავტორის, ისე მთარგმნელის სახით, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში.