დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CYPBE
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

ტოლერანტობის პრიზი 2015

საკონკურსო ჟიური:

ელენა ბედველი - ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში;

თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბექა მინდიშვილი - სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი;

ნინო რობაქიძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

რუსუდან გოცირიძე - ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია;

რუსუდან ჭანტურია - საქართველოს გაეროს ასოციაცია;

ქეთევან მსხილაძე - მედიის განვითარების ფონდი.
 

1. ტოლერანტობის პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება"

ეკა რადიო "თავისუფლების" ჟურნალსტია. მიუხედავად მრავალმხრივი ინტერესებისა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ამ პროფესიისთვის არ უღალატია. მუშაობდა გაზეთებში „რეზონანსი", „ახალი ვერსია", რადიო „მწვანე ტალღა" და ა.შ. რეპორტიორად, გადაცემების ავტორად და წამყვანად. მომზადებული აქვს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება; სტატია, რეპორტაჟი, რადიო თუ ვიდეო სიუჟეტი. მისი საკვლევი თემებია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ თემი, ქალთა და ბავშვთა უფლებები, სოციალური პროგრამები და ჯანდაცვა, განათლება და საშინაო პოლიტიკა და სხვა. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული: „ჭორია" (გამომცემლობა „დიოგენე", 2006 წელი), „აქ ნუ დადგებით" (გამომცემლობა „დიოგენე", 2010 წელი) და „სახლის გაყიდვა" (გამომცემლობა „საუნჯე" 2013 წელი). სამივე კრებული იყო ლიტერატურული პრემია საბას ნომინანტი, ხოლო ლექსების ბოლო წიგნმა წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის „საბას" პრემია მიიღო. 


„ვარკეთილის დასახლების თითქმის ბოლოში ვართ. ორი წუთიც და გზიდან ხელმარცხნივ ტაძარი გამოჩნდება. არც ქრისტიანულ ეკლესიას ჰგავს, არც მუსლიმურ მეჩეთს, არც ებრაულ სინაგოგას - თუ დაინტერესდები, გაიგებ, გაიგებ, რომ აქ იეზიდების სახლი და სამლოცველოა. დიდი ხანი არ არის, რაც აშენდა. ტაძრის შესასვლელთან გაფენილ ხალიჩებზე სულ რამდენიმე ადამიანი ზის. ჰყვებიან ამ და სხვა ქვეყნების ამბებს. ერთმანეთს უზიარებენ. მერე სინზე შემოდგმული ჩაი და შაქრის ნატეხები მოაქვთ, ცხელი ჩაიდანი. ლაპარაკობენ. განიხილავენ. კრიალოსანს მარცვლავენ. სამშაბათობით კი, როცა ტაძარში ტრადიციული სამშაბათის ღვთისმსახურება იმართება, იქაურობა იეზიდებით ივსება, საქართველოს იეზიდებით. ისინი ერთად არიან. ეს ახლა მათი სახლია"...


2. ტოლერანტობის პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ზურაბ ვარდიაშვილი და გიორგი ჭეიშვილი, ჟურნალი ლიბერალი

ზურაბ ვარდიაშვილი - დაიბადა სიღნაღში. ბავშვობა სიღნაღთან ახლოს მდებარე პატარა სოფელ ანაგაში გაატარა. აბიტურიენტობისას არჩევანის გაკეთებას ჟურნალისტობასა და იურისტობას შორის ცდილობდა. უფრო ზუსტად, გამომძიებლობა უნდოდა, ბოლოს უპირატესობა ჟურნალისტობას მიანიჭა. თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა 2011 წელს დაამთავრა. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე „ლიბერალში" პრაქტიკანტად დაიწყო მუშაობა, ამჟამად კი ის ჟურნალის რედაქტორია. 


გიორგი ჭეიშვილი - ამჟამად კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის - Eugeorgia.info-ს ჟურნალისტია. მანამდე ის სხვადასხვა დროს ჟურნალ „ლიბერალის" რედაქტორად, აღმასრულებელი რედაქტორად და ჟურნალისტად მუშაობდა. არის რადიო „შოკოლადის" გადაცემა „წიგნების" პროდუსერი და ჟურნალისტი. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” - მედიამონიტორი. სამაგისტრო ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.  


„სოფელი დუისი. პანკისის ხეობა. შუადღის 13:30 საათი. პარასკევის ლოცვა. მართკუთხა ფორმის მეჩეთს წითელი აგურითა და შავი ქვებით ნაგები მინარეთით შორიდანვე გამოარჩევთ. კოსტიუმში გამოწყობილი, მეტწილად შუახნის და ასაკოვანი მამაკაცები მეჩეთისკენ მიიჩქარიან. ფეხშიშველი მორწმუნეები ნოხზე იჩოქებენ, პირით მექისკენ, ლოცვის რიტუალი არაბულ ენაზე, მკაცრი წესრიგით მიმდინარეობს, მამაკაცები მუხლებზე სინქრონულად ეცემიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას ლოცვის ენა არ ესმის, სიტყვებს შთაგონებით წარმოთქვამენ. ჩვენს დაკვირვებულ მზერას და ფოტოაპარატის ჩხაკუნს არცერთი არ იმჩნევს - იმამმა საგანგებოდ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და ფოტოგრაფ ქალს ლოცვაზე დასწრების ნება დართო". 

 
3. ტოლერანტობის პრიზი ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის - მამუკა მგალობლიშვილი, ლიბერალი 

მამუკა მგალობლიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე. პირველი ჟურნალისტური გამოცდილება 2013 წელს "რადიო თავისუფლების" მედია სკოლაში მიიღო. ამავე წლიდან დღემდე თანამშრომლობს ჟურნალ "ლიბერალთან", ასევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან . ამზადებს მულტიმედია და ფოტო რეპორტაჟებს. 

ფოტოპროექტი „გიორგი და გიორგი"  

„გიორგი და გიორგი თითქმის ნახევარი წელია ერთმანეთს ხვდებიან. მათი გადაღება სამიოდე კვირის წინ დავიწყე. ჩემს წინადადებას დასთანხმდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ასე სხვა გეი წყვილებს თავიანთ სექსუალობასა და ურთიერთობებზე ღიად საუბრის მოტივაციას მისცემენ. ადამიანები შანტაჟის მსხვერპლნი სწორედ იმის გამო ხდებიან, რასაც მალავენ. გეები განსაკუთრებულად განიცდიან მსგავსი ტიპის ზეწოლას და ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ქამინგ აუთია. თუმცა გმირობას ვერავის მოსთხოვ, მითუმეტეს, როდესაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ოჯახისგან გაირიყები", - ამბობენ ისინი". 


4. ტოლერანტობის პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის  - ვიკა ბუკია, საზოგადოებრივი მაუწყებელი

ვიკა ბუკია - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია. სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში სამაგისტრო კურსები გაიარა; ტელევიზიაში კი კონკურსში გამარჯვების შედეგად მოხვდა; სატელევიზიო კარიერა დილის გადაცემიდან დაიწყო, შემდეგ „მოამბეში" გადავიდა კულტურის ჟურნალისტად; მოგვიანებით კი ადამიანის უფლებებმა გაიტაცა და გადაცემისთვის „ტელებლოგი" ვრცელი რეპორტაჟების მომზადება დაიწყო. ვიკა განსაკუთრებულ დროს სწორედ გენდერული საკითხების გაშუქებას უთმობს. ინტერესები: ხელოვნება და ფოტოგრაფია.

ტელებლოგი - „შუშის ჭერი"



5.ტოლერანტობის პრიზი რეგიონული მედიისთვის - ანა მოსიაშვილი,რადიო ჰერეთი

ანა მოსიაშვილი - ანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ანა არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI" დამფუძნებელიდა ხელმძღვანელია; არის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი.  


„14 წლის ცოლი, 15 წლის გოგონა, ის უკვე გათხოვილი "ქალია", როგორც ამას სამეზობლოში იტყოდნენ, 16 წლის დაქორწინებული ყოფილი მოსწავლე, 17 წლის ორიშვილის დედა, 18 წლის უკვე განქორწინებული მოზარდი... თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვუწოდეთ მათ ბავშვები, არადა კანონდმდებლობით 18 წლამდე ასაკის პირი არის ბავშვი".


6. ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე - თამარ კურატიშვილი, ნიუსპრესი

თამარ კურატიშვილი - განათლებით ჟურნალისტია, ახლაც სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – მასკომუნიკაცია და მედიის კვლევები. ბოლო ორი წელი რეგიონულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში „ახალი გაზეთი"-ში მუშაობს, ამზადებს ანალიტიკურ–საგამოძიებო სტატიებს სოციალურ თემებსა და ადამიანის უფლებების შესახებ. ამავე გამოცემის ორგანიზებით, ლბტ ქალთა საკითხებზე დისკუსიების მოდერაციას ახდენდა. არის GCRT–ის ჟურნალისტურ კონკურსში "ნაბიჯი თავისუფლებისკენ - პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში" და "მედიის განვითარების ფონდის" კონკურსის – „ჩემი ლიდერი ქალი" გამარჯვებული. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა „ლიბერალთან"; GARB onlie TV-სთან. 


„სიმონი 7 წლის ბიჭია. როგორც დედამისი ამბობს, ის „არ არსებობს". არ არსებობს სახელმწიფოსთვის, თორემ დედ-მამისთვის და და-ძმისთვის სიმონი 7 წლის უმცროსი წევრია ოჯახში. დედას უნდოდა, რომ მის შვილს ბაღში ევლო, მაგრამ სიმონს პირადი ნომერი არ აქვს და შესაბამისად, - „არ არსებობს". დედას შვილის სკოლაში მიყვანა უნდა, მაგრამ სიმონისთვის სკოლა არ არსებობს და, რომ მივყვეთ, - ჯანდაცვა, განათლება, სამსახური, - მომავალი არ იარსებებს სიმონისთვის, თუკი მისთვის პირადი ნომრის მინიჭება ვერ მოხერხდა".

 7. ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის - გიორგი გვიშიანი, რუსთავი 2
გიორგი გვიშიანი - გიორგი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2--ის ჟურნალისტია. 2001 წლიდან მუშაობა ჯერ გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" კულტურის ბლოკის კორესპონდენტად დაიწყო, 2004 წლიდან დღემდე კი გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" რეპორტიორია. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სადოქტორო ფაკულტეტზე სწავლობს, თავად კონსერვატორიაში მუსიკის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჟურნალისტიკის საფუძვლებს ასწავლის. როგორც ამბობს, ცოტა დრო აქვს და ბევრი მიზანი.  


სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფეხბურთის ფანთა დაჯგუფება „ბერგმანი" განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლებს ქალაქში ფიზიკურად უსწორდებოდა. პოსტსკრიპტუმმა სოციალური ექსპერიმენტის საშუალებით გადაწყვიტა, დაედგინა ,როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს განსხვავებული რასის ადამიანების მიმართ.

8. ტოლერანტობის სპეციალური პრიზი - ნასტასია არაბული, „ჟურნალი მასწავლებელი"

ნასტასია არაბული - ნასტასია 2013 წლიდან ინტერნეტგამოცემა "მასწავლებლის” და ამავე სახელწოდების ჟურნალის ბლოგერია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ ძალები გამომცემლობა "დიოგენეში" რედაქტორის ასისტენტად სცადა. პირველი ბლოგი 2009 წელს მოამზადა. იყო პირველი ქართული ონლაინ მუსიკალური ჟურნალის "მუზამეს" რედაქტორი. დღესაც ბევრ საქმეს პარალელურად ასწრებს: მისი ნაწერები პერიოდულად სხვადასხვა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში ქვეყნდება. 2013 წელს შექმნა ონლაინ ჟურნალი - What i see (wis.ge), ძირითადი აქცენტით კულტურასა და ადამიანის უფლებებზე. 2014 წლის დეკემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა "კომუნიკატორის" წამყვანი იყო. 2015 წლის ოქტომბრიდან კი "რადიო თავისუფლების” დილის გადაცემა "თავისუფლების დილა” მიჰყავს. 




უკან