წარმატებული საქმეები
საჩივარი: გაზეთმა რეზონანსმა 2014 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ". 5 აპრილს მედიის განვითარები სფონდმა (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აღნიშნული პუბლიკაციის შესწავლის მოთხოვნით, ჟურნალისტურ იეთიკის ქარტიას მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, სტატიის სათაური ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის გაღვივებას და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მათ დისკრიმინაციას უწყობდა ხელს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პუნქტის დარღვევას წარმოადგენდა. განმცხადებელთა შეფასებით, სტატიის სათაური და შინაარსი შეუსაბამო იყო ერთმანეთთან, რადგან მასალა ჰოლივუდის იმ ვარსკვლავების (ბრედ პიტი,ანჯელინა ჯოლი) მოსაზრებებსაც შეიცავდა, რომლებიც ლგბტ პირებისთვის დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების მოთხოვნით გამოდიან, ხოლო სტატიაში მოყვანილი სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავების დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფებისადმი იყო არაერთგვაროვანი და არ შეიძლება შეფასებულიყო მათდამი სიძულვილის გამოვლინებად, რითაც მედიის საშუალებამ დაარღვია ქარტიის პირველი მუხლი.
გადაწყვეტილება: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 10 მაისს დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა(MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ.
მოტივაცია: ქარტიამ გაიზიარა MDF-ისა და GDI-ის მოსაზრება, რომ 12 მარტს გამოქვეყნებული სტატიით "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც სძულთ ჰომოსექსუალები" გაზეთმა "რეზონანსმა" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები დააღვია.
ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ხოლო მე-7მუხლის მიხედვით, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".