საჩივარი: 2014 წლის 26 დეკემბრის ტელეკომპანია კავკასიის თოქ-შოუ "
სპექტრში" გადაცემის წამყვანმა, დავით აქუბარდიამ საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ შუღლის გამაღვივებელი, დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა.
დავით აქუბარდია: "შაჰაბასი იყო პათოლოგი საქართველოსთვის. 6000 მღვდელმსახური ამოგვიწყვიტა დავითგარეჯში, თან როდის? აღდგომა ღამეს... ცნობილი ისტორიაა, 30 000 ლაზს თავები დაჭრეს... 50 ათასიანი არმია ხეობაში მიაყენეს, ვინც არ მიიღებთ ისლამს, თავებს დაგაყრევინებთო. და აყრევინეს. მაპატიე, რა ამდენ მეჩეთებს რომ ვარიგებთ, ჯერ სახელმწიფოს სახელით იმ 30 ათას ლაზზე ბოდიში მოიხადა თურქეთის რომელიმე ჩინოვნიკმა საქართველოს წინაშე?... ან ჩვენი ირანელი ძმებისგან და ისტორიული მეზობლებისგან ვინმემ მოიხადა6000 მღვდელმსახურს რომ ყელი დააჭრეს?...რატომღაც ამ ბეჩავი ქრისტიანებისგან ითხოვენ ტოლერანტობას? იქედან მოდის ეს მესიჯი?)".
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა, მედიის განვითარების ფონდმა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ტელეკომპანია "კავკასიის" თვითრეგულირების ორგანოს
საჩივრით 2015 წლის 6 იანვარს მიმართეს.
განმცხადებელთა აზრით, გადაცემის წამყვანმა საკულტო ნაგებობებით სარგებლობის უფლების თემის ისტორიულ ჭრილში კონტექსტუალიზაცია დაუსაბუთებლად მოახდინა, რაც საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ სიძულვილსა და არატოლერანტობას რელიგიური წარმომავლობის ნიშნით აღვივებს და წარმოადგენს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლის დარღვევას. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, დაირღვა კიდევ ოთხი მუხლი3, 17, 32 და 33, რაც რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, რელიგიური კუთვნილების საფუძველზე სიძულვილისა და არატოლერანტობის გაღვივებას, საავტორო პროგრამის წამყვანისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და სხვადასხვა სოციალურიჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას შეეხება.
ორგანიზაციებმა საგულისხმოდ მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ წამყვანმა ხშირად გამოიყენა დიქოტომია "ჩვენ" "მათ" საპირწონედ (დავით აქუბარდია:"ყველას ვეხმარებით, ყველას უფლებებს ვიცავთ, ლამისაა იკარუსებით ჩამოგვყვანონ და და ჩვენი თავი ვერ დაგვიცვია ჯერ"), რაც არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მრწამსის ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის და ეწინააღმდეგება ქცევის კოდექსის პრინციპს (მუხლი 3. ბ.), რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს, გაითვალისწინოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები" განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა".
გადაწყვეტილება: თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი
არ დააკმაყოფილა, რის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს წერილობითი სახით 2015 წლის 16 თებერვლით დათარიღებული გადაწყვეტილება 20 თებერვალს ჩაბარდა. საჩივრის ავტორებს განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
მოტივაცია: თვითრეგულირების კომისიამ საჩვრის წარმდგენი ორგანიზაციები არ მიიჩნია მაუწყებლის შესახებ კანონისა და მაუწყებლის ქცევის კოდექსით განსაზრვრულ დაინტერესებულ პირად ან მხარედ.
აპელაცია: თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააპელაციო კომისიაში
გაასაჩივრეს. ორგანიზაციებმა მიიჩნიეს, რომ ტელეკომპანია "კავკასიამ" დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 (1) მუხლი, რომელიც მას ავალდებულებს, "ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას." კოდექსის თანახმად, დროული განხილვა 21 დღეს გულისხმობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მისაღებად 21 დღეზე მეტია საჭირო, მაუწყებელი ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ყველა დაინტერესებულ პირს. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს 2015 წლის 16 თებერვლით დათარიღებული გადაწყვეტილება მედიის განვითარების ფონდს 20 თებერვალს ჩაბარდა, ხოლო ვადის გადავადების შესახებ დასაბუთება დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის არ შეუტყობინებიათ. ასევე, ორგანიზაციებმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ საჩივარი განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, რითაც დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-9 და მე-11 მუხლები.
აპელანტმა ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს თვითრეგულირების ორგანის მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ორგანიზაციების აზრით, კომისიამ არასწორად განმარტა დაინტერესებული პირისი ცნება, რადგან სადავო გადაცემა განეკუთვნება საჯარო ინტერესის სფეროს, რადგან ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციას ახდენს და მასზე დავა როგორც ინდივიდს, ასევე ნებისმიერ პირს შეუძლია. ასევე, დაუშვებელად მიიჩნიეს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების კერძო დავად განხილვა.
აპელანტებმა მოითხოვეს ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 (1) მუხლისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-9 და მე-11 მუხლების დარღვევის ფაქტის შესწავლა, ასევე 6 იანვარს თვითრეგულირების ორგანოში შემოტანილი საჩივარის განხილვა.