საჩივარი: 28 თებერვალს, 20 საათზე, მაუწყებლის „პალიტრა ნიუსის" ეთერში გავიდა გადაცემა
„ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება". (წამყვანი გურამ ფალავანდიშვილი).
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); კავშირი „საფარი", „იდენტობა", „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 9 მარტს
საჩივრით მიმართეს „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვეს ტელეკომპანიის მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის შესწავლა.
საჩივრის ავტორთა აზრით, ,,პალიტრა ნიუსის” გადაცემამ ,,ფალავანდიშვილთან’’ დეზინფორმაციის გავრცელებით, სტერეოტიპებისა და ნეგატიური წინასწარგანწყობების დამკვიდრებით, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებებით წაახალისა ლგბტ ადამიანების მიმართ ნეგატიური და აგრესიული დამოკიდებულება. რითაც უხეშად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები, ასევე "მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნები, კერძოდ:
გადაცემაში წამყვანმა გამოიყენა საკუთარი მდგომარეობას ლგბტ პირთა დისკრიმინაციისთვის, ასევე დისკრიმინაციული ლექსიკა ლგბტ ჯგუფების მიმართ. მაგალითად წამყვანმა გადაცემის გახსნისთანავე აღნიშნა, რომ: „21 თებერვალს დაიგეგმა იდენტობის მიერ უნივერსიტეტში კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ლგბტ მიმღებლობას ახალგაზრდებში, პროპაგანდას და მოიწვიეს გურიიდან, აჭარიდან თავიანთი აქტივისტები, დაკავებული ხალხი ამ გარყვნილებით - ჰომოსექსუალიზმით და აპირებდნენ ჩატარებას ლექციის..."
გადაცემაში მოწვეული სტუმრები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური განცხადებებით, ყველა მათგანი წარმოადგენდა ერთ პოზიციას, საგანი „მე და საზოგადოება" წარმოჩენილი იყო, როგორც „უზნეობის პროპაგანდა". გადაცემაში არ ყოფილა მცდელობა, წარმოჩენილი ყოფილიყო განსხვავებული აზრი, მაგალითად განათლების სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დამცველების და დისკრიმინაციის სამიზნე ჯგუფის _ ლგბტ პირთა მოსაზრებები და არგუმენტები.
წამყვანმა მიზანმიმართულად სცადა საზოგადოებისთვის ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება, მაგალითად გადაცემის მანძილზე განიხილავდა წიგნების „კომპასი" და კომპასიტო" სწავლებას სკოლებში, როგორც გარდაუვალ შესაძლებლობას, რათა გაემძაფრებინა დისკრიმინაციული ეფექტი, რომელიც ლგბტ პირთა მიმართ გადაცემის დაწყებისთანავე გამოიკვეთა.
საჩივარის ავტორებს მიაჩნით, რომ ტელეკომპანიამ ამ გადაცემით დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31, 32, 33.2, 33.3, 33.4, 13.1 და 31.2, მუხლები, კერძოდ ჯეროვანი სიზუსტის, მიუკერძოებლობის, სამართლიანი მოპყრობის, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპები.
გადაწყვეტილება: თვითრეგულირების საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 25 მარტის
გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.
აპელაცია: 2016 წლის 7 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააპელაციო
საჩივრით მიმართეს პალიტრა ნიუსის სააპელაციო ორგანოს.
საჩივარი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას: 2016 წლის 7 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააპელაციო
საჩივრით მიმართეს. მომჩივანთა აზრით, რადგან „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების ორგანოში სარჩელის განხილვა მოხდა მხარის მონაწილეობის გარეშე, ამით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნა.
კომისიის გადაწყვეტილება: კომისიამ 2016 წლის 18 აპრილს იმსჯელა საჩივრის განხილვის მიზანშეწონილებაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების -(ა(ა)იპ „საფარი", ა(ა)იპ „იდენტობა", ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი", ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი", საჩივარი შპს „პალიტრა TV"-ს წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო, ვინაიდან მხარეებს შორის დავის განხილვა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არ იყო დასრულებული.
27 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი განიხილა „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ შემდეგი შემადგენლობით: ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, გიორგი ოთხმეზური.
22 ივნისს მედიის განვითარების ფონდმა
საჩივრით მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვა კომისიისგან რეაგირება „მაუწყებელთა ქცევის კოდესის" მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაზე, რომლის თანახმადაც „სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს".
25 ივლისს „პალიტრა ნიუსის"-გან განმცხადებელმა არასამთავრობო ორგანოებმა მიიღეს
წერილი, რომელშიც „პალიტრა ნიუსი" დამატებით დროს ითხოვს გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც საერთაშორისო პრაქტიკის, სხვადასხვა სამართლებრივი აქტებისა და რეკომენდაციებისთვის საჭირო დიდი დროით ხსნის.
1 სექტემბერს ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების სააპელაციო კომისიის
გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილდა. კომისიამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას.
1 სექტემბერს "პალიტრა ნიუსის” მიერ პროცედურების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ MDF-ის საჩივრის საფუძველზე იმსჯელა. საქმის განხილვა, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას შეეხება, 8 სექტემბერს განახლდება. კომისიამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა პირველმა ინსტანციამ „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნა თვითრეგულირების ფორმატში საჩივრების გამჭვირვალედ და მხარეების მონაწილეობით განხილვის შესახებ, როცა გადაწყვეტილება მოდავე არასამთავრობო ორგანიზაციების პროცესში ჩართულობის გარეშე განიხილა, ასევე დაირღვა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
8 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდის საჩივარი „პალიტრა ნიუსის" წინააღმდეგ. კომისიამ მიიჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ვალდბეულები - მხარეები არ მიიწვია საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ აცნობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო 30 დღეზე მეტი და სააპელაციო კომისიამ არ იმსჯელა საჩივარში დასახელებულ ყველა გარემოებაზე.