დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DNTZT
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

MDF, TDI, ქართველ მუსლიმთა კავშირი და დალი სოლომონიძე vs. საზოგადოებრივი მაუწყებელი

2018 წლის 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „ქართული ჰიჯაბი”, რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა.

სიუჟეტის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ, საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ, სკოლებში ჰიჯაბის (ჩადრის) ტარება რელიგიური ექსტრემიზმის შიშით აკრძალა.

სიუჟეტის შესავალ ნაწილში წამყვანის მიერ საფრანგეთში ჰიჯაბის აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს  და არასრულ ინფორმაციას შეიცავდა. გარდა ფაქტობრივი უზუსტობებისა, უარყოფით მოვლენასთან რელიგიური ატრიბუტიკის დაკავშირებით წამყვანმა სტერეოტიპის გამყარებას შეუწყო ხელი, რომლის თანახმად, თავსაბური რელიგიური თვითგამოხატვის ფორმას კი არა, რელიგიურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს უკავშირდება, რაც თავის მხრივ მუსლიმი თემის მიმართ აუდიტორიის ნეგატიურად განაწყობას უწყობს ხელს. 

სიუჟეტის შესავალ ნაწილში წამყვანი რეპორტაჟის გმირს, დალი სოლომონიძეს წარადგენს და  აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა „ჩადრის საჯარო ტარების კამპანიაც კი დაიწყო", დალი სოლომონიძეს ჟურნალისტთან არ განუცხადებია, რომ მან ჩადრის საჯარო ტარების კამპანია დაიწყო, რასაც მის მიერ ჟურნალისტისთვის მიცემული კომენტარიც ცხადყოფს, სადაც ის ინდივიდუალურ არჩევანზე საუბრობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც დარღვეულია სიზუსტის მუხლი.

24 აპრილს "მედიის განვითარების ფონდმა”, "საქართველოს მუსლიმთა კავშირმა” და  "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა”, დაინტერესებულ პირთან, დალი სოლომონიძესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს საჩივრით მიმართეს. მომჩივანთა აზრით, აღნიშნული სიუჟეტით არხმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, მე-13 (1,2)  31-ე (1) და  33-ე (1 , 2 ) მუხლები დააღვია. 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებლებმა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს მოითხოვეს. 

გადაწყვეტილება: 2018 წლის 14 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ მედიის განვითარების ფონდის (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI), ქართველ მუსლიმთა კავშირისა და დალი სოლომონიძის მიერ ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოში შეტანილი საჩივარი ნაწილობრივ (მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე -13 მუხლი: 1-2 პუნქტები) დაკმაყოფილა.

მოტივაცია: საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს რეკომენდაციით, გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, საჩივარი მხოლოდ უზუსტობის ნაწილში დაეკმაყოფილებინა. თვითრგულირების ორგანომ გადაწყვიტა, რომ ეთერში გასული სიუჟეტით, არ განხორციელებულა რაიმე ფორმით ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც გააღვივებდა სიძულვილს ან არატოლენტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე. 

აპელაცია: საჩივრის ავტორების აზრით, სიზუსტის მუხლის გარდა ( 13 მუხლის 1) და 2). მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები) მაუწყებელმა დაარღვია კოდექსის ის ნორმები, რომლებიც დისკრიმინაციას შეეხება (31-ე 1) მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები; 32-ე მუხლის პირველი და 33-ე მუხლის 1) და 2) პუნქტები (მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ).

წამყვანისა და ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები გარდა აშკარა ფაქტობრივი უზუსტობებისა, შეიცავს რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივების საფრთხეს, რადგან წამყვანის ტექსტში საფრანგეთის მიერ სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ატრიბუტიკის აკრძალვა დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ კონფესიასთან, ხოლო ეს კონფესია, თავის მხრივ, - რელიგიურ რადიკალიზმსა და ექსტრემიზმთან. რაც კოდექსის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაა. 

უკან