2019 წლის 5 ნოემბერს თამთა თოდაძემ, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და ორგანიზაციამ "საფარი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართეს და თამთა თოდაძის წინააღმდეგ კამპანიური გაშუქებასთან დაკავშირებით ონლაინ გამოცემების PIA-სა და კვირა + -ის, ასევე გაზეთ "ალიას” მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მეშვიდე მეათეა და მე-11 პრინციპების დარღვევის ფაქტების შესწავლა სთხოვეს.
2019 წლის 4 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის დადანაშაულებას Facebook-ში სიძულვილის გვერდების და სახელისუფლებო მედიის მხრიდან თამთა თოდაძის დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია მოჰყვა, რასაც ფაქტების გადამოწმების პორტალის "მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალაც ადასტურებს. Facebook გვერდების გარდა ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ტრადიციული ონლაინ მედია საშუალებები "კვირა +”, PIA და გაზეთი "ალია”.
2019 წლის 7 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმაზე "კვირა +”-ზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით "თამთა თოდაძის დედა წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევია”. იმავე დღეს "კვირა +”-ზე დაყრდნობით და იდენტური სათაურით მსგავსი ცნობა საინფორმაციო სააგენტო PIA -მაც გამოაქვეყნა. ორივე ინფორმაცია ეყრდნობა ცნობას თამთა თოდაძის დედის ნასამართლეობის შესახებ, რომელსაც ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს და განმარტავს, რომ "პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო და მისი მოპოვება მხოლოდ აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი”.
აღსანიშნავია, რომ ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, ხოლო რედაქციის მიერ ხათუნა ოქროპირიძის შესაძლო ნასამართლეობის ფაქტის გაშუქება არღვევს ქარტიის მე-10 პრინციპს, აქვეყნებს პირის პირადი, ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის დეტალებს უფრო მეტიც, მივიჩნევთ, რომ თამთა თოდაძის მიერ, თბილისის საკრებულოსა "ქართული ოცნების” წევრი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების საქმის გაშუქებისას, შემდგომში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის დედის სავარაუდო ნასამართლეობაზე გავრცელებული ინფორმაცია არარელევანტურია და არა საზოგადოების ინფორმირებას, არამედ დაზარალებულის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას ემსახურება.
"ალიას”, ონლაინ გამოცემაშიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით ,,თამთა თოდაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო!” ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროს, ლადო სადღობელაშვილის ფეისუქ სტატუსს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებს, თითქოს თამთა თოდაძის წარსულში პოლიტიკურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობის” წევრი იყო.
ლადო სადღობელაშვილი: "როგორც ირკვევა ქბნი თამთა თოდაძე ("მსხვერპლი") წარსულში ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო! ქბნი თამთა არაერთხელ ყოფილა "მიშას ბანაკებში" ეწ რეინჯერი, სადაც ამ ახალგაზრდა ქალბატონს დავალებული ჰქონდა ახალგაზრდების "მოწამლვა" და ნაცსექტაში შეტყუება!”
რედაქციას ეს ინფორმაცია თავად თამთა თოდაძესთან არ გადაუმოწმებია, რადგან ახალგაზრრდულ ბანაკში ყოფნა აპრიორი პარტიის წევრობას არ ნიშნავს. მოცემულ კონტექსტში კი ლადო სადღობელაშვილის კომენტარის გავრცელება, რომ "პორტირებულმა” ნაციონალებმა დაღუპეს ქართული ოცნება, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თამთა თოდაძის ბრალდებები მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიმართ უსაფუძვლოა და ის პოლიტიკურად დაინტერესებულია განზრახ გაავრცელოს არასწორი ინფომაცია:
ლადო სადღობელაშვილი: "პორტირებულმა ნაცებმა დაღუპა "ოცნება"! უფრო სწორედ თქვენი ძვირფასო ქოცებო! იმის მაგივრად გულანთებული აქტივისტები დაასაქმოთ ბიუროებში ასაქმებთ პორტირებულ ნაცებს!”
მომჩივან მხარეს მიაჩნია, რომ "ალიამ" დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 პრინციპი, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას ისახავდა მიზნად, ასევე მე-7 პრინციპი და მოახდინა თამთა თოდაძის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო "კვირა +” და PIA წინააღმდეგობაშია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე 10 პრინციპთან.
გადაწყვეტილება: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა "კვირა +” და PIA-ს მიერ მე-10 პრინციპის
დარღვევა, ხოლო "ალიას" მიერ პირველი პრინციპის
დარღვევა.