15 ტროლი, სახელისუფლებო და ანტილიბერალური პლატფორმები მოზარდის ტრაგედიაში ხელისუფლების გასამართლებლად
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ფეისბუკში სახელისუფლებო, პრო-რუსული და ანტილიბერალური გვერდების, ასევე სახელისუფლებო ექსპერტების, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და ტროლების მხიდან სხვადასხვა შინაარსის გზავნილები მოჰყვა.
18 და 19 დეკემბერს ფეისბუკში აქტივობების დაკვირვების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:
აქტორები და კოორდინირებული მოქმედება:
- გამოვლინდა 15 ტროლი, რომელთაგან 10 სხვის იდენტობას იპარავს. მათგან 5 ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე კრემლისტური News Front-ის მასალების პოპულარიზაციას ახდენდა;
- გამოვლინდა 6 ანტილიბერალური (კარდჰუ, პატრიოტული გვერდი, ალტ-კლუბი, geo-pepe, დედაქალაქი, ანტილიბერალური დოქტრინა), 4 ოპოზიციის მადისკრედიტირებელი (პრესტიტუცია, მახსოვს, სირცხვილის კორიდორი, რეტორიკა), 2 სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის ფბ გვერდი (Caucasus news report, საინფორმაციო გვერდი) და 2 ხელისუფლებასთან დაკავშირებული (ლიდერი 41, NOVR) გვერდი, რომლებიც ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე ბრალს სკოლასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სდებდნენ;
- გამოვლინდა 6 ჯგუფი (კახა კალაძე თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუქზე, გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო, პროტესტი, Photo-Fact Georgia), სადაც ტროლები და ქართული ოცნების მხარდამჭერები ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ გზავნილებს ორგანიზებულად ავრცელებდნენ.
- გამოვლინდა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტრადიციული მედია, მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ცალმხრივად, პროფესიული სტანდარტების უგულვებელყოფით აშუქებდა.
გზავნილები:
- ხდებოდა ფოკუსის გადატანა შსს-დან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და "მწვანე სკოლაზე”;
- მომხდარში ადანაშაულებდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მათ მიერ დანერგილ განათლების სისტემასა და "მწვანე სკოლას”;
- მოზარდის გარდაცვალებაზე სპეკულირებას ანტილიბერალური გვერდები ანტი-დასავლურ კონტექსტში ახდენდნენ;
- ამ თემით სპეკულირება ხდებოდა იდეოლოგიურ ჭრილში და წინ წამოიწია სოციალური უთანასწორობის საკითხი;
- სკოლასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე ფოკუსის გადატანას ახდენდნენ ტროლები, სახელისუფლებო და პრო-რუსული აქტორები - მათი გზავნილები იდენტური იყო.
რედაქტორი:
თამარ კინწურაშვილი
ავტორი:
სოფო გელავა, ანი ქისტაური
დიზაინი:
მარიამ ცუცქირიძე
სრულად ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: 15 ტროლი, სახელისუფლებო და ანტილიბერალური პლატფორმები მოზარდის ტრაგედიაში ხელისუფლების გასამართლებლად
Tags: