ქცევის კოდექსი
19 აპრილს, 13:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იერუსალმიდან წინასააღდგომო ცეცხლის გადმოსვლის ტრადიციის აღსანიშნავი ღონისძიება გადაიცემოდა, რომელსაც კომენტირებას სასულიერო პირები უკეთებდნენ.
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვთვლით, რომ ტრანსლაციის პროცესში გაკეთებული კომენტარებისას, მაუწყებლის მხრიდან დარღვეული იყო როგორც "მაუწყებლობის შესახებ" კანონის, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნები, შემდეგ გარემოებათა გამო:
რელიგიური რიტუალის კომენტირებისას, სასულიერო პირმა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ისაუბრა, რა დროსაც ლგბტ პირების სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას და მათი შეურაცხმყოფელი ტერმინებით ("ბილწი ურთიერთობები") მოხსენიებას ჰქონდა ადგილი. კომენტარში აღნიშნული იყო, რომ სექსუალური უმცირესობების ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან გათანაბრება, მათი დასაქმების უფლების ჩათვლით, ეკლესიისთვის მიუღებელია, ხოლო კანონის ამ სახით მიღება მოქალაქეთა შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.
გადაცემის წამყვანი სასულიერო პირის განცხადებები - "ეს იქნება შეურაცხყოფა იმ სწავლებისა და ტრადიციისა, რომელიც აქვს ამ ეკლესიას და რომელიც აქვს ამ ერს და აუცილებლად ეს გამოიწვევს შეხლა-შემოხლას ერში", "ამ ცოდვების გამო დაისაჯნენ ადამიანები - გოგირდის წვიმით და ცეცხლით" - ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის და შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16 (ა) მუხლი ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, "უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება", რაც, ჩვენი აზრით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო.
დარღვეულია ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი, რომელიც "მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის" პრინციპებს განსაზღვრავს და 33 მუხლი "სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ". კერძოდ: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე" (მუხლი 31); "მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება" (მუხლი 33.3).
არხის მიერ დარღვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც, რომლის პრეამბულა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:საზოგადობრივი ფასეულობები - "პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის შეიძლება საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს";მრავალფეროვნება - "სამართლიანად გავაშუქოთ ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაკავშირებული თემები"; თანასწორობა - "არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით".
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მე-15 მუხლი ასევე მოიცავს დეტალურ რეგულაციებს უმცირესობათა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, ასევე რეკომენდაციებს რელიგიური პროგრამებისა და სექსუალურ უმცირესობათა საკითხების გაშუქების თაობაზე, რაც მაუწყებლის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.
მაუწყებლის მიერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე კომენტატორების მოწვევა აპრობირებული პრაქტიკაა, რა დროსაც კანონისა და ქცევის კოდექსების მიზნებისთვის, სხვადასხვა თემატური ღონისძიებების წამყვანებზე "საავტორო პროგრამების გადაცემისას მაუწყებლისადმი წაყენებული მოთხოვნები" (მუხლი 17) ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-17 (2) მუხლის დარღვევაც, რომლის თანახმად, "საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა."
მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს:
რეკომენდაციით მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას:
მედიის განვითარების ფონდი, MDF
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
იდენტობა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა ფონდი საქართველოში
საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ნინო ბოლქვაძე