მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს მედია საშუალებებს ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების და იმ ადამიანების გზავნილების გაშუქებისას, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი, დაიცვან და გაითვალისწინონ ის სტანდარტები, რაც თვითრეგულირების ფარგლებში არის შემუშავებული. კერძოდ, ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, რომელიც მაუწყებლებზე ვრცელდება, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებით უფრო დეტალურ რეგულაციებს შეიცავს.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
მუხლი 53.
3. ტერორისტის, გამტაცებლის ან მძევლის განცხადება ან მასთან ინტერვიუ არ უნდა გადაიცეს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. ინტერვიუს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს ინფორმაციის გადაცემით მიღებული სარგებლისა და ზიანის შეფასება.
4. ტერორისტის ან გამტაცებლის მოთხოვნა ან განცხადება ეთერში უნდა გადაიცეს რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი
მუხლი 8.4. ტერორისტული აქტები
ოპერატიულად მიაწოდეთ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია ტერორისტული აქტის და მისი შედეგების შესახებ. თავი შეიკავეთ ემოციური და სუბიექტური შეფასებებისაგან. აუდიტორიას მიაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია, რათა მან თავად შეძლოს გარკვევა, ვინ არის დამნაშავე, რა დანაშაულს ჩადის და ვის წინააღმდეგ.
რეკომენდაცია
ტერორისტული აქტის გაშუქების დროს გაითვალისწინეთ, რომ ტერორისტის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს კოდურ სიტყვებს, მოწოდებებს და სხვ., რამაც შეიძლება ვითარება უფრო გაართულოს.
ტერორისტული აქტის გაშუქების დროს, იხელმძღვანელეთ შემდეგი წესებით:
- ტერორისტებისგან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება მიმდინარე ან მოსალოდნელ ტერორისტულ აქტს, დაუყოვნებლივ აცნობეთ საინფორმაციო პროგრამის ხელმძღვანელს ან პროდიუსერს;
- ტერორისტის ან მძევლის პირდაპირი თუ ჩაწერილი განცხადება ან მასთან ინტერვიუ არ გადასცეთ ეთერში საინფორმაციო პროგრამის ხელმძღვანელის ან პროდიუსერის თანხმობის გარეშე. ასეთი განცხადების ეთერში გადაცემა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში ხდება.
- ტერორისტების მოთხოვნები არ გადასცეთ სრული სახით. ჩვეულებრივ, ასეთი მოთხოვნები შემოკლებული ან რედაქტირებული სახით უნდა გავიდეს ეთერში. ტერორისტთან თუ ტერორიზმის მსხვერპლთან, ან ორივესთან ერთად, სატელეფონო ან სხვა სახის პირდაპირი კონტაქტის დამყარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო პროგრამის ხელმძღვანელი ან პროდიუსერი ჩათვლის, რომ ამით არც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეშლებათ ხელი ტერორისტებთან კავშირის დამყარებაში და არც მძევლის მდგომარეობა გაუარესდება.
- ხელისუფლების ნებისმიერი მოთხოვნა, შეჩერდეს (უსაფრთხოების თუ სხვა მოსაზრებით) ტერორისტული აქტის შესახებ რაიმე ინფორმაციის ეთერით გადაცემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ საინფორმაციო გადაცემის ხელმძღვანელს.