2016 წლის 10 და 12 აგვისტოს მედიის განვითარების ფონდს ლეიბორისტულმა პარტიამ მიმართა. წერილებში აღნიშნული იყო, რომ ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო სამსახური ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შეხვედრებს ამომრჩეველთან, კანდიდატების წარდგენასა და ბრიფინგებს არ აშუქებს და ჟურნალისტები საარჩევნო ღონისძიებებს არ ესწრებიან. ერთ-ერთ მაგალითად დასახელებული იყო 12 აგვისტოს დიდგორზე პარტიის მიერ დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიებას. პარტიის აზრით, ტელეკომპანია კვალიფიციური სუბიექტების წინასაარჩევნოდ მედიისთვის დადგენილ თანასწორი მოპყრობის პრინციპს არღვევდა.
პარტიის პრესამსახურთან დამატებითი კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელების კომენტარები არ ვრცელდება „იმედის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში და მათი აქტივობების შესახებ იშვიათად გადის ინფორმაცია დღის გამოშვებებში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო სამსახურთანაც, სადაც ლეიბორისტული პარტიის პრეტენზიებს იცნობენ. რედაქციის განცხადებით, მათ ჰქონდა პრობლემების გადაჭრის მცდელობაც, კომუნიკაცია პარტიის წარმომადგენლებთანაც და ტელეკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას პარტიის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება გააშუქოს.
„მედიის განვითარების ფონდი" საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით და ორგანიზაცია Free Press Unlimited-თან თანამშრომლობით 2016 წლის აპრილიდან მედიის მიერ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს აწარმოებს. მონიტორინგი ტელევიზიების პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებზე ხორციელდება. 4 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით (1 აპრილი - 31 ივლისი, 2016) "იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ლეიბორისტულ პარტიას 155 წამი დაეთმო, რაც ამავე არხზე გაშუქებული პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი დროის 0,18%-ია (იხილეთ დიაგრამა). აღსანიშნავია, რომ პარტია საერთოდ არ გაშუქებულა მაისში, ივნისში კი, მხოლოდ 3 წამი დაეთმო. ამ მონაცემით ტელეკომპანია იმედს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მონიტორინგის სამიზნე ტელევიზიებს შორის.
მედიის რაოდენობრივ მონიტორინგს (მათ შორის დღის საინფორმაციო გამოშვებების) ატარებს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. კომისიის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 8 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, ლეიბორისტული პარტიას დღის საათებში მხოლოდ 53 წამი დაეთმო, პრაიმ-ტაიმში კი პარტია არ გაშუქებულა.
მოკვლეული ინფორმაცია და მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ტელეკომპანია „იმედი" სათანადოდ და თანაბარი პირობებით ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის, პარტია „ლეიბორისტების" წინასაარჩევნო გაშუქებას. „მედიის განვითარების ფონდი" რეკომენდაციით მიმართავს ტელეკომპანია „იმედს" გაითვალისწინოს კანონისა და მაუწყებელთა თვითრეგულირების კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი მოთხოვნები:
- „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი და იხელმძღვანელოს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით", „მაუწყებლობის შესახებ" კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" (მუხლი 51, პუქნტი 1).
- „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. გარდა ამისა, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში (მუხლი 55).
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით კი, რომელიც სავალდებულო თვითრეგულირების დოკუმენტია მაუწყებლებისთვის, განსაზღვრულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის დროის დათმობის ვალდებულება:
- მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს, ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ (მუხლი 23. პუნქტი2);
- არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება (მუხლი 24, პუნქტი 1).
- კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში (მუხლი 24, პუნქტი 3).
სამაუწყებლო მედიის მიერ არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულება ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებში:
- მედია საშუალებებმა უნდა „უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური გაერთიანებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მსურველი პირის შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული წვდომა მედიაზე, ყოველგვარი ადმინისტრაციული და სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე" (კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტი (1990), ეუთო);
- „სამაუწყებლო მედიის მიერ არჩევნების გაშუქება უნდა იყოს სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი" (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R(99)15 საარჩევნო კამპანიის მედიაში გაშუქების შესახებ, 1999 წლის 9 სექტემბერი);