დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FIWJP
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 17 მარ 2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებით ვეხმაურებით თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

2015 წლის 14 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი უგულავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ეს მაშინ, როდესაც უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების მაქსიმალური, 9 თვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა. სასამართლო, ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, დაეყრდნო უგულავას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პირი ბრალდებული 2014 წლის 28 ივლისიდანაა. პროკურატურის მიერ მსგავსი შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პრეცედენტია, ხოლო საზოგადოების ნაწილში არსებული განცდა, რომ ხელისუფლების თვითმიზანი პოლიტიკური ოპონენტის, გიორგი უგულავას პატიმრობაში ყოფნაა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა.

გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმეების რაოდენობა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ქრონოლოგია, სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის დაპატიმრება, ხოლო შემდეგ მისი ხანგრძლივი პატიმრობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პროკურატურის თვითმიზნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა 2013 წლიდან დღემდე ათამდე სავარაუდო დანაშაულებრივ ეპიზოდზეა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, სასამართლოს ჯერ არცერთ საქმეზე არ გამოუტანია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა „წინასწარი პატიმრობის დროს დარღვევების" საკითხებში, პედრო აგრამუნტმა, 2015 წლის თებერვალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა „პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის". პედრო აგრამუნტი აღნიშნავს, რომ გაუკვირდა იმის გაგება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი კი – მკაცრ იზოლაციაშიც.

ხელისუფლებისათვის ყურადსაღები უნდა გახდეს გ.უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მორიგ შეფარდებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთებაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ყოფილი მთავრობის წევრებისთვის დამატებითი ბრალის წაყენება ან ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს." საელჩომ ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

იდენტობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

უკან