დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KGLZS
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 19 მარ 2015

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ეკონომიკის მინისტრსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

კოალიციის ,,მედიის ადვოკატირებისთვის” და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის მედიის ქვეჯგუფის წევრი ორგანიზაციების შენიშვნები მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

ვითვალისწინებთ რა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შემჭიდროვებულ ვადებში გახდა აუცილებელი განხორციელდეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, მივიჩნევთ, რომ დაჩქარებული წესით უნდა შეიცვალოს მაუწყებლობის შესახებ კანონის მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც არათავსებადია სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ციფრულ სამაუწყებლო პლატფორმასთან. კანონის ძირეული ცვლილება კი, რომელიც მათ შორის ასახავს სხვადასხვა სამაუწყებლო პლატფორმის მიმართ განსხვავებული რეგულირების წესებს, უნდა განხორციელდეს სათანადო კვლევების, დაინტერესებული მხარეებისა და ექსპერტების (მათ შორის უცხოელი) ჩართულობითა და საჯარო განხილვებით.

რაც შეეხება მოცემულ კანონპროექტს, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას შემდეგი: 

  •  კანონპროექტიდან ამოღებულ უნდა იქნას 401 მუხლის დამატებითი 11-14პუნქტები, რადგან მიმდინარე ციფრული მულტიპლექს პლატფორმების ფორმირების პროცესი აჩვენებს, რომ უახლეოს ხანებში არ არის მოსალოდნელი, ე.წ. MUST CARRY -ს უფლების მქონე მაუწყებლების იმგვარი რაოდენობრივი ზრდა, რომ საჭირო იყოს შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების შემოღება. მით უფრო, რომ ბუნდოვანია და დაუსაბუთებელია შესაბამის პუნქტებში მოყვანილი ციფრების საფუძველი. იგივე შეეხება ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტს, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონისგან განსხვავებული წესებია მოცემული.
  •  საყურადღებოა37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, რომელიც განსაღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოსპირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა", „ბ", „გ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მივიჩნევთ, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და კვლევებს, არა მხოლოდ ციფრულ სამაუწყებლო პლატფორმასთან მიმართებით.
  •  წინააღმდეგობრივია მე-60 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ მუხლით განსაზღვრულ მიზანს - კონცენტრაციის აკრძალვას. საჭიროა მეტი დასაბუთება, განსაკუთრებით ერთი პირის მფლობელობაში არსებული 5 მაუწყებლის დაშვებასთან დაკავშირებით.
  •  კანონპროექტში ტერმინ ,,ადგილობრივი მაუწყებლის” განმარტება გაურკვეველს ტოვებს ლოკალური საკაბელო ქსელებით მაუწყებელი არხების სტატუსს (რომლებიც სავარაუდოდ ვერ ახერხებენ სამაუწყებლო ზონის 90 % დაფარვას) და საჭიროებს დაზუსტებას.
  •  მისასალმებლია გარდამავალი დებულებით აღებული ვალდებულება, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაუწყებლებისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გადახდილი საფასურის დაბრუნება, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. თუმცა, არსებითად მნიშვნელოვანია იმ მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომლებმაც აიღეს ახალი ციფრული მულტიპლექს პლატფორმების ფორმირების ვალდებულება და რომლებსაც მიენიჭათ შესაბამისი სიხშირული რესურსი, კანონის ამოქმედებამდეც იქნას მიღებული გადაწყვეტილება სალიცენზიო საფასურის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი პირები ვერ შეძლებენ კუთვნილი თანხების ციფრული მულტიპლექს პლატფორმების ასაშენებლად გამოყენებას, ისე როგორც ეს განსაზღვრული იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგიით.
  •  საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტით, კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტიდან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტების ვალდებულება უზრუნველყონ უფასო პოლიტიკური რეკლამის სურდო თარგმანი. აღნიშნული მნიშვნელოვანი მექანიზმია ამომრჩეველთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით, თუმცა პროექტით არ არის დასაბუთებული აღნიშნული ვალდებულების კანონიდან ამოღება. 

არსებითად მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, უკვე დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, შეიქმნას ,,მაუწყებლობის შესახებ კანონსა” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონზე” მომუშავე ჯგუფი, იმ მიზნით რომ საკანონმდებლო ბაზამ გააძლიეროს მედიათა გამჭვირვალობა (მაგალითად ე.წ. ,,ოფშორების აკრძალვა” და მფლობელობის გამჭვირვალობა) და მედიაპლურალიზმი (MUST Carry-ისა და Must Offer -ის პრინციპების დაცვა).

 

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  2. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  5. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო";
  6. რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  7. რეგიონული მედიის ასოციაცია;
  8. მედიაკლუბი;
  9. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის"
  10. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  11. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  12. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  13. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
უკან