დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WQKPH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 18 მარ 2016

არასამთავრობოების განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ მუსლიმი თემის მშვიდობიან თვითორგანიზებულ კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზებისკენ.

ბოლო რამდენიმე წელია, მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან აქტიურად ითხოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმში მოქმედი ორთა ჯამეს ისტორიული შენობის სივრცე არ არის საკმარისი და ვერ იტევს მლოცველებს. ამის გამო, ასეულებით მორწმუნეს პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულება ქუჩაში, არასათანადო პირობებში უწევს. მუსლიმი ქალების დიდ ნაწილს კი, საერთოდ არ აქვს საშუალება ილოცოს მეჩეთში.

ხელისუფლებამ რამდენჯერმე მისცა დაპირება მუსლიმი თემს, რომ ახალი მეჩეთისთვის მათ მიწის ნაკვეთს გადასცემდა. ბოლოს ასეთი დაპირება მუსლიმებმა 2013 წელს მიიღეს, თუმცა, დაპირებებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. 2014 წლის ბოლოს, დასავლეთ საქართველოს სამუფტოს წარმომადგენლების ნაწილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა კოლექტიური განცხადებით, რომელშიც ორთა ჯამეს რეკონსტრუქციასა და ბათუმში ახალი მეჩეთის ალტერნატივად, სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს რეზიდენციისა და ბათუმში მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სასწავლებისთვის შენობის გადაცემას ითხოვდა. მუსლიმების განმარტებით, სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოზე სახელმწიფოს გავლენების გათვალისწინებით, ეს განცხადება მუსლიმი თემის საჭიროებებისა და ინტერესების უგულებელყოფის ნათელი მაგალითია. ამასთან, იკვეთება მუსლიმ თემსა და მის ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოებაც. ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება შემუშავდა იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფომ სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს დაფინანსება დაიწყო. სახელმწიფო დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ სამუფტო სამმართველოს სასულიერო პირების ხელფასებზე იხარჯება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება მუსლიმი თემის მოთხოვნას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სწორედ ერთობლივ განცხადებაზე მითითებით უარყოფს და ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოების პერსპექტივაზე აპელირებს. მუსლიმების თქმით, ორთა ჯამეს რეკონსტრუქცია საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს, მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოერთება კი მაინც არ გადაჭრის სივრცის პრობლემას.

სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს მხრიდან მუსლიმი თემის საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო, მუსლიმმა თემმა დაიწყო პროცესის თვითორგანიზება, რისთვისაც მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დამოუკიდებელი კომუნიკაცია და მეჩეთისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. 2016 წლის 8 თებერვალს, მუსლიმი თემის 12 000-მა წარმომადგენლმა კოლექტიური განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და მეჩეთის მშენებლობისთვის ბათუმში მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა. განცხადების განხილვას კონკრეტული შედეგები ამ დრომდე არ მოყოლია.

ბათუმში მეჩეთის სივრცის პრობლემა მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას ზღუდავს. როდესაც სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას ასეულობით ჰექტარ მიწის ნაკვეთს გადასცემს, როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებში, მუსლიმი თემის მოთხოვნის უგულებელყოფა ავლენს დისკრიმინაციულ მიდგომას. ბათუმში, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრში, მეჩეთის მშენებლობის შეზღუდვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და მუსლიმი თემის მარგინალიზებისა და სოციალური და პოლიტიკური სივრცეებიდან დეზინტეგრაციას აღრმავებს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ჩვენს რეალობაში, როცა 2012 წლიდან მოყოლებული, მუსლიმი თემი განიცდის სისტემურ დევნასა და ძალადობას (ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს, ჭელას, ქობულეთის, მოხეს, ადიგენის ინციდენტები), რაც სწორედ სახელმწიფოს არაეფექტური, დისკრიმინაციული და დომინანტი რელიგიური ჯგუფისადმი ლოიალური პოლიტიკის შედეგია.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მნიშვენლოვანია სახელმწიფომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი განიხილოს უფლებრივი პერსპექტივიდან და მოახდინოს ამ საკითხის დეპოლიტიზირება, რომელსაც ცალკეული ქსენოფობიური და ისლამოფობიური პოლიტიკური, კლერიკალური და სოციალური ჯგუფები რადიკალურად ეწინააღმდეგებიან.

შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფოს განუხრელად დაიცვას რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმისა და თანასწორობის პრინციპები და:
  • დააჩქაროს მუსლიმი თემის განცხადების განხილვა ბათუმში ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და დააკმაყოფილოს ის;
  • მიწის ნაკვეთის გადაცემისა და შემდგომში მეჩეთის მშენებლობის პროცესში უზრუნველყოს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის აქტიური მონაწილეობა, პროცესის დემოკრატიულოად წარმართვისა და მუსლიმი თემის ნდობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • არ შეუქმნას მუსლიმ თემს გაუმართლებელი ბარიერები მეჩეთის მშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურის კანონიერ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ პირობებში წარმართვა.


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობისა და მრავაფლეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მრავალეროვანი საქართველო

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
უკან