დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BHCQN
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 22 მაი 2016

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, აკო მინაშვილს, ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს, თენგიზ გუნავასა და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს.

კატეგორიულად მიუღებელია და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მიმართულ აქტად ვაფასებთ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობას, რომლებსაც უნდა მოეხდინათ ყველანაირი ძალადობრივი ქმედების პრევენცია, განსაკუთრებით ისეთი მნიშნელოვანი პროცესის დროს, როგორიც არის არჩევნები. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა სწორედ ხელისუფლების უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს კონფლიქტური ვითარების დროული აღკვეთა. ნებისმიერი უმოქმედობა კი შესაძლოა აღიქმებოდეს კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულბად და მხარდაჭერად.

ამასთან, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პირობებში დღეს მომხდარი ინციდენტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მასში მონაწილე პირთა გამოვლენა და სათანადო დასჯა, აჩენს განცდას, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდეს წინასაარჩევნო პერიოდში და საპარლამენტო არჩევნების დღეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ ფიზიკურად კარგად მომზადებული და წინასწარ ხელკეტებით შეიარაღებული პირები. ეს უკანასკნელები მედიას გაურბოდნენ და აცხადებდნენ, რომ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩასული სპორტსმენები იყვენენ.

ზემოთაღნიშნული გარემოება აჩენს საფუძვლიან განცდას, რომ ეს არ იყო ორ მხარეს შორის დაპირისპირება, არამედ პროცესები ხელოვნურად იყო მართული დამოძალადეები წინასწარ იყვნენ საარჩევნო უბანთან მობილიზებულნი, რათა მოეხდინათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია.

აუცილებლად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს მომხდარი ფაქტი არ არის ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების, ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა ასევე გასათვალისწინებელია ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი კონტექსტი, როდესაც უმცირესობების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ გამოვლენილი მძიმე ფიზიკური ძალადობა ადეკვატური რეაგირების მიღმაა დარჩენილი. სამართალდამცავი ორგანოების პასიურობა მსგავს შემთხვევაზე ერთი მხრივ გზას უხსნის და ახალისებს შემდგომში ძალადობრივ ქმედებებს, მეორე მხრივ კი აჩენს კითხვებს სამსახურების პოლიტიკურ ნეიტრალობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს განვითარებული მოვლენები შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც შედეგი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულებისა ოპოზიციის წარმომადგენელთა თუ სხვა პირთა წინააღმდეგ წარმოებულ ძალადობრივ კამპანიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია ზემოაღნიშნულ ფაქტზე და დაგმოს პოლიტიკურ პროცესებში მსგავსი ფორმებით ჩარევა. ამავდროულად, შესაბამისი შეფასება მიეცეს ზუგდიდში მომხდარ ფაქტს და სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ აშკარად ძალადობრივი ქმედებები, რაც ცალსახად შეიცავს სისხლისსამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სათანადოდ დასაჯონ მასში მონაწილე პირები.წინასაარჩევნო პერიოდში პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მომდარზე პოლიციის ეფექტურობის ხარისხი იქნება ინდიკატორი, რამდენად დემოკრატიული და თანასწორი წინასაარჩევნო გარემო იქნება შექმნილი ქვეყანაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHP)

უკან