დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KTNZB
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 17 აგვ 2017

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის საქმეს ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 2017 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის de facto რეჟიმის მიერ ახალგორის რაიონში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის ფაქტებს და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი საშუალება აქტივისტის უსაფრთხოებისა და უფლებების  დაცვის უზრუნველყოფისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის, მათ შორის, ახალგორის რაიონის სამხედრო ოკუპაციის შემდეგ თამარ მეარაყიშვილი აგრძელებს რეგიონში ცხოვრებას და ცხინვალის de facto რეჟიმის კორუფციული და რეპრესიული პოლიტიკის საჯარო კრიტიკას.  ის მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა დამოუკიდებელ მედია საშუალებასთან და ღიად საუბრობს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ადამიანების დისკრიმინაციისა და შევიწროების პრაქტიკებზე. ცხინვალის de facto რეჟიმის წარმომადგენლების მიერ მის მიმართ განხორციელებული არა ერთი მუქარისა და იძულების მიუხედავად, თ. მეარაყიშვილს ახალგორის ტერიტორია არ დაუტოვებია და არც საკუთარი საჯარო აქტიურობა შეუჩერებია. როგორც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი,  2017 წლის 16 აგვისტოს საღამოს 6 საათისთვის თამარ მეარაყიშვილი მის სახლთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, ისე რომ დაკავების მიზეზები და საფუძვლები არ განმარტებია. დაკითხვა რამდენიმე საათი, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, მუქარის ქვეშ გრძელდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ცხინვალის de facto რეჟიმის მილიციამ აქტივისტი გაათავისუფლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ცხინვალის de facto რეჟიმის მმართველი პარტიის "ერთიანი ოსეთის” მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის 31 ივლისს ცხინვალის რეგიონის de facto რეჟიმის სამართალდამცავმა ორგანოებმა ამავე საქმეზე თ. მეარაყიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს და მის საქმიანობასთან, მათ შორის, „ეხო კავკაზთან" თანამშრომლობასთან დაკავშირებული კითხვებითა და აგრესიული კომუნიკაციით მის დაშინებას ცდილობდნენ. ამავე წლის 8 ივნისს კი თ. მეარყიშვილი ახალგორიდან ცხინვალში იყო გატაცებული.

სხვადასხვა დროს თ. მეარაყიშვილის დაკავებისა და განგრძობადი შევიწროების ფაქტები, პოლიტიკური და განსხვავებული შეხედულების, ასევე ეთნიკური კუთვნილების გამო სავარაუდო დევნის ნიშნებს ატარებს. აქტივისტის მიმართ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა,  მისი დაშინების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა  და ახალგორის ტერიტორიის დატოვების ინტერესს უნდა უკავშირდებოდეს. ცხადია, შევიწროების ამ მცდლობებს „გამყინავი ეფექტი" აქვს რეგიონში მცხოვრები სხვა აქტივისტების, ჟურნალისტებისა, თუ ეთნიკურად ქართველი ადამიანების მიმართ.

თ. მეარაყიშვილის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არსებითია საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროული და ეფექტიანი ინტერვენცია მის საქმეში.

2008 წლის სამხედრო ოკუპაციის შემდეგ ახალგორი რუსეთის ფედერაციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოექცა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ძირითადი პასუხიმგებლობა სწორედ მას ეკისრება. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ვალდებულება ამ ტერიტორიაზე კონტროლის ფაქტიდან გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, იგი სახელმწიფოს მიერ პირდაპირ, შეიარაღებული ძალების მეშვეობით ხორციელდებოდა, თუ დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით. ამავდროულად საქართველოს სახელმწიფოს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის არ არსებობის მიუხედავად, ეკისრება პოზიტიური ვალდებულება მის იურისდიქციაში ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება. პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებშისხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალებებით, გააგრძელოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.[1]

მართალია, 16 აგვისტოს დაკავების შემდეგ თ. მეარაყიშვილი ცხინვალის de facto მილიციამ გაათავისუფლა, თუმცა, არსებობს რისკები, რომ მის მიმართ მიმდინარე სიხსლი სამართლებრივმა დევნამ თვინებური და დისკრიმინაციული ხასიათი შეიძინოს.  ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

საქართველოს მთავრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმებიმათ შორის, მოლაპარაკებების ფორმატებისაერთაშორისო ორგანიზაციების რესურსი თმეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის  უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო ორგანიზაციებს დროულად ჩაერთონ აღნიშნულ საქმეში და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული დიპლომატიური და პოლიტიკური ზეგავლენის მექანიზმები რუსეთის ფედერაციასა დაცხინვალის de facto რეჟიმთან, ახალგორის ტერიტორიაზე მეარაყიშვილის პოლიტიკური და სხვანიშნით დევნის აღკვეთის, მის მიმართ დაწყებული სისხლისსამრთლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების სტანდარტების განუხრელი დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით .

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ლიბერალური აკადემია თბილისი

 

[1] საქმეზე ილაშკუ და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ, par.333;

უკან