სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ
განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.
ტელეკომპანია "რუსთავი 2”- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ” მოიხსენია. კერძოდ, მან აღნიშნა: "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.”
ხაზგასასმელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად
1. ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 31
სახელმწიფოს, 2016 წლის 26 მაისს ბუქარესტში შეიმუშავა ანტისემიტიზმის განმარტება. ამ განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში
2. ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ
თვისებებს.
ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. ამა წლის 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა "კვირის აქცენტებში” პარტია "ქართული ოცნების” დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა : „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ” აღნიშნულ განცხადებას
გამოეხმაურა პლატფორმაც და მოუწოდა მას პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.
ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში
მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ
განცხადებაში იგი ამბობს: "საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ.”
ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2” ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ "ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული
განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე.
შესაბამისად, მოვუწოდებთ, ექსპრეზიდეტ მ. სააკაშვილს თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსიის განცხადებებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ.
_________________________________
2ანტისემიტიზმი გამოიხატება, როგორც რიტორიკაში ასევე ფიზიკურ ქმედებებში, რაც მიმართულია ებრაელი და არაებრაელი ადამიანების, მათი საკუთრების, ებრაელთა სათემო ინსტიტუციების და რელიგიური დაწესებულებების წინააღმდეგ. ანტისემიტიზმი ხშირად ადანაშაულებს ებრაელებს კაცობრიობის საზიანოდ შეთქმულებაში და იგი ხშირად გამოიყენება ებრაელების დადანაშაულებაში როდესაც "რაიმე ცუდი ხდება”. ანტისემიტიზმი შეიძლება გამოვლინდეს სიტყვებით, წერილობითი და ვიზუალური ფორმით.
_________________________________
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
თანასწორობის მოძრაობა
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი