დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WWYBT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 11 თებ 2020

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და იგი რამდენიმე თვალსაზრისით არის პრობლემური:

1. გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინა. საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა, რამაც წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა. გიგი უგულავა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაშინ როდესაც იგი ოპოზიციური პარტიის სააარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით 9 თვეზე მეტი ხანი დაჰყო. 

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაჩენის გამომტანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, ორი სწორედ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად არის შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. ცხადია, მისი მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს.

იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო  პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება.   

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ დროში გაწელილმა გამოძიებამ და სასამართლო პროცესებმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკის სახე მიიღო. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ მეთოდს საკუთარ ოპონენტებზე არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით, ეფექტიანად იყენებს. გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაც შესაძლოა ერთგვარი გზავნილი იყოს სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ.  

2. დასავლელი პარტნიორების  განცხადებების იგნორირება

ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულვებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის. 

3. ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე

მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ზოგადი კონტექსტისა და მოახლოებული საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებაც. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილზე არ მიუთითებს. მსგავსი  გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს.

აღნიშნული ვითარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზირებულების საკითხს. უზენაეს სასამართლოში გასული წლის მიწურულს განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ადასტურებს მართლმსაჯულების სისტემაზე ხელისუფლების გავლენას და  შერჩევითი სამართლის ტენდენციებს. პროკურატურისა და სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიკერძოებულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კიდევ უფრო ამცირებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის მიმართ და უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს - ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტასა და პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად  მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საზოგადოება და ბანკები
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი
მედიის განვითარების ფონდი

უკან