განცხადებები
სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები. სახეზეა, მმართველი პარტიის გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა, რისი მიღწევაც, მათ შორის, სავარაუდო კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე. უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პროაქტიულად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული. საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მიმართული პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის, ფაქტიურად, წაშლილია.
დღეს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი. მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა რეალური ნება ძალაუფლების გაზიარებასთან დაკავშირებით. 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაც ამის აშკარა მაგალითია. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ მათ საპირისპირო განწყობაზე, რომ არ დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები ამ გაცხადებული მიზნის აშკარა დადასტურებაა.
სამწუხაროა, რომ დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ვითარებაში გართულდება საზოგადოებაში ერთობის შენარჩუნება და მოვლენების განვითარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიმართულებით წავიდეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ, ხელისუფლების ხელშია დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.