დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HIMDG
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 24 იან 2024

"კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" სამოქალაქო ორგანიზაციებზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება

საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან  სამოქალაქო ორგანიზაციებზე მიზანმიმართული თავდასხმა გრძელდება. ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები, მსგავსი კამპანიები და მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.  

20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს,  ბექა მინდიაშვილს თავს დაესხა. ამ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მადისკრედიტირებელი განცხადება გაკეთდა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" (SovLab) და "სამოქალაქო იდეის” მიმართაც. 

რელიგიური თემების და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, დეზინფორმაცია, უფლებადამცველების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელმწიფოს, რელიგიის და ეკლესიის მტრებად გამოცხადება არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და ადამიანების რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკებს შეიცავს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სტალიანის გამოსახულებიანი ხატის ეკლესიაში არსებული ფორმით დატოვება და შესაბამისს ზომებსაც მიმართა, ხელისუფლების მიერ, იმ ორგანიზაციების და პირების წინააღმდეგ იერიში, ვინც პრობლემა გამოავლინა და საბჭოთა ტოტალიტარულ მემკვიდრეობას, როგორც კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს ებრძვის, აზიანებს პროცესს, რომელიც გარე საფრთხეების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებაზე უნდა იყოს მიმართული და არა შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ბრძოლაზე. ასევე შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება მიზანმიმართილად ცდილობს რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის აქტიურ მონაწილად აქციოს, რაც თავად რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობასაც აზიანებს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, კოორდინირებული შეტევის სამიზნე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც არიან. განსაკუთრებით საგანგაშოა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID)  თავდასხმა. იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მთავრობის და სხვა დასავლური სახელმწიფო და კერძო ფონდების ფინანსური დახმარებით საქართველოში არაერთი საკულტო ნაგებობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-შენარჩუნება მოხდა, ასეთი თავდასხმები არაკონსტრუქციულ ხასიათს ატარებს და აძლიერებს კრემლის პროგანდისტულ ნარატივს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას ქართული იდენტობის მტრად სახავს.

მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დონორი ორგანიზაციების მიმართ თავდასხმას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დონორი ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური ჯგუფის, „ხალხის ძალის", წევრები და პროსახელისუფლებო მედია ორგანიზაციები.

ე.წ. „რუსული კანონის" შესახებ კანონპროექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და ფინანსური მდგრადობის შეზღუდვის მცდელობას, რაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შესუსტებას ისახავს მიზნად.  

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა არ არის ახალი და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მიზნით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული შეტევის ფაქტობრივად უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. როგორც „სამართლიანი არჩევნების" 2020 და 2021 წლების არჩევნებისთვის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, ფეისბუქზე მმართველის პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდები იმავდროულად უარყოფითად წარმოაჩენდნენ ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. სოციალური მედიის კომპანია Meta-ს მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართვის გამო წაშლილი გვერდები/ანგარიშები/ჯგუფები, რომლებიც პროსამთავრობო, მათ შორის „უცხოეთის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებულ, კამპანიას აწარმოებდნენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული. 

გარდა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ევროინტეგრაციის პროცესშიც. ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართულობას.  

2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა  კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებსა და ერთობლივ საქმიანობაზეა საუბარი. ამდენად, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი რიტორიკა ხელს უშლის თანამშრომლურ გარემოს და ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერვე ოფიციალურ დოკუმენტში გაცხადებულ პოლიტიკას.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

 


 

უკან