დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EGKQZ
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირი VS საზოგადოებრივი მაუწყებელი

საჩივარი: 2014 წლის 19 აპრილს, 13:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იერუსალმიდან წინასააღდგომო ცეცხლის გადმოსვლის ტრადიციის აღსანიშნავი ღონისძიება გადაიცემოდა, რომლის კომენტირებას სასულიერო პირები ახდენდნენ. რელიგიური რიტუალის კომენტირებისას, სასულიერო პირმა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ისაუბრა, რა დროსაც ლგბტ პირების სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას და მათი შეურაცხმყოფელი ტერმინებით ("ბილწი ურთიერთობები") მოხსენიებას ჰქონდა ადგილი. კომენტარში აღნიშნული იყო, რომ სექსუალური უმცირესობების ეთნიკურდა რელიგიურ უმცირესობებთან გათანაბრება, მათი დასაქმების უფლების ჩათვლით, ეკლესიისთვის მიუღებელი იყო, ხოლო კანონის ამ სახით მიღება მოქალაქეთა შორის დაპირისპირებას გამოიწვევდა. გადაცემის წამყვანმა სასულიერო პირმა გააკეთა შემდეგი განცხადებები : "ეს იქნება შეურაცხყოფა იმ სწავლებისა და ტრადიციისა, რომელიც აქვს ამ ეკლესიას და რომელიც აქვს ამ ერს და აუცილებლად ეს გამოიწვევს შეხლა-შემოხლას ერში", "ამ ცოდვების გამო დაისაჯნენ ადამიანები - გოგირდის წვიმით და ცეცხლით".

საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები: მედიის განვითარების ფონდი, MDF, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI, იდენტობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ქალთა ფონდი საქართველოში, საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ფიზიკური პირი ნინო ბოლქვაძე მიიჩნევდნენ, რომ ტრანსლაციის პროცესში გაკეთებული განხცადებები ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის და შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს. ასევე, მაუწყებლის მხრიდან დარღვეული იყო როგორც"მაუწყებლობის შესახებ"კანონის, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნები, შემდეგ გარემოებათა გამო:

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16 (ა) მუხლი ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, "უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება", რაც, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო.

დაირღვა ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი, რომელიც"მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის" პრინციპებს განსაზღვრავს და 33 მუხლი "სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ". კერძოდ: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალი სგამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის,ენის, სქესის,რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე" (მუხლი 31); "მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება" (მუხლი 33.3).

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არხის მიერ დაირღვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც, რომლის პრეამბულა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: საზოგადობრივი ფასეულობები - "პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის შეიძლება საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს"; მრავალფეროვნება - "სამართლიანად გავაშუქოთ ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაკავშირებული თემები";თანასწორობა- "არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით". საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსისმე-15 მუხლი ასევე მოიცავს დეტალურ რეგულაციებს უმცირესობათა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, ასევე რეკომენდაციებს რელიგიური პროგრამებისა და სექსუალურ უმცირესობათა საკითხების გაშუქების თაობაზე, რაც მაუწყებლის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.

განმცხადებელთა აზრით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-17 (2) მუხლის დარღვევაც, რომლის თანახმად, "საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა."

23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განცხადებით მიმართეს.

თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება: თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს წერილობითი სახით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 22 მაისით დათარიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის 16 ივნისს ჩაბარდა. საჩივრის ავტორებს განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

მოტივაცია: თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი სამართლებრივ ჭრილში განიხილა და იხელმძღვანელა „სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ" არსებული საკანონმდებლო რეგულაციით.

აპელაცია: თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრეს.

ორგანიზაციებმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ საჩივარი განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-9 მუხლი საჩივრების მიუკერძოებელი, სამართლიანი და გამჭვირვალე წესით განხილვის ვალდებულებას მოიცავს, რის შემდგომ დეტალიზებასაც კოდექსის მე-11 მუხლი ახდენს, როდესაც ავალდებულებს მაუწყებელს, უზრუნველყოს საჩივრის განხილვაზე ყველა დაინტერესებული პირის დასწრება.

ასევე, აპელანტმა ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს თვითრეგულირების ორგანის მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ თვითრეგულირების ორგანომ ფუნდამენტურად არასწორად განმარტა საქმის არსი და სადავო ნორმების განხილვა პროფესიული ეთიკისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრიზმის ნაცვლად, სამართლებრივ ჭრილში მოახდინა. ორგანიზაციების აზით, თვითრეგულირების ორგანოს საჩივარი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოქმედების სფეროს (მუხლი1) გათვალისწინებით და კოდექსის მიზნებიდან (მუხლი 4) გამომდინარე უნდა განემარტა.

აპელანტებმა მოითხოვეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 22 მაისის გადაწყვეტილებას გადახედვა; 19 აპრილს, იერუსალმიდან წინასააღდგომო ცეცხლის გადმოსვლის ტრადიციის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს სასულიერო პირების განცხადებების „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-17-ე, 31-ე, 33-ე; ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მე-15 მუხლებთან შესაბამისობის შესწავლა.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება: სააპელაციო საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის სხდომაზე განხილვისას ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვას მისი ავტორები უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, არ შეცვალა თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება 19 აპრილის ტრანსლაციასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო: 2014 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო დაეთანხმა განმცხადებლების პოზიციას და დაადგინა, რომ სამეურვეო საბჭომ საჩივარზე მსჯელობისას მოახდინა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის ინტერპრეტაცია და გვერდი აუარა მის უპირველეს ფუნქციას ემსჯელა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" ფარგლებში.
უკან