დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UVPPV
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 20 იან 2016

ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

1-31 დეკემბერი, 2015

მესამე ანგარიში

მონიტორინგი სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415

1-31 დეკემბრის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

მსგავსი პრიორიტეტული თემები

·დეკემბრის პრაიმ თაიმის მთავარ საინფორმაციო გამოშვებების მიერ შერჩეული პრიორიტეტული თემების მხოლოდ 3% დაემთხვა ერთმანეთს. კერძოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვებამ პირველსავე ბლოკში გააშუქა თვის მთავარი მოვლენები: სპეცოპერაცია ნასაკირალში, რომლის შედეგად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი პირების აყვანა მოხდა, შეწყალების კომისიის საქმე - ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით, პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები.

·ყველაზე მეტად პრიორიტეტული თემების მსგავსება რუსთავი 2 -სა და იმედს შორის გამოვლინდა. აღნიშნულ ორ ტელეკომპანიას პრიორიტეტული თემების მსგავსებით უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა ტაბულა, რომელსაც, აღსანიშნავია, რომ სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, მოკლე ქრონომეტრაჟი აქვს, ხოლო 25-31 დეკემბრის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვების ეთერში არგასვლასთან დაკავშირებით კვლევას ტელეკომპანია ტაბულა სრულიად გამოეთიშა.

·თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების თვალსაზრისით, შედარებით განსხვავებული ტენდენცია გამოავლინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაგალითად, 10 დეკემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, იმედმა და მაესტრომ პირველ სიუჟეტად შეწყალების კომისიის საქმეზე ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული კორუფციული ბრალდების საკითხი და მასზე გამოხმაურება გააშუქეს. ელისაშვილის ბრალდებებს, შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესახებ, ეკა ბესელიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ბრალდებების დასაბუთება არ მოხდებოდა, მათი ავტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ტაბულამ აღნიშნული საკითხი მეოთხე სიუჟეტად გააშუქა, ხოლო GDS-მა მას მეორე სიუჟეტი და მეორე ბლოკის სტუდიური ინტერვიუ დაუთმო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თემას მესამე ბლოკის მეთერთმეტე რიგითობა მიანიჭა და კადრ-სინქრონის სახით გააშუქა.

ასევე, ათი დეკემბრის სხვა საინფორმაციო გამოშვებების მიერ (რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა) პირველსავე ბლოკში გაშუქდა თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის დედოფლის წყაროს ოფისზე, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკითხი მეორე ბლოკის მეათე რიგითობით, კადრ-სინქრონის სახით გააშუქა. იხ.ცხრილი #1

ცხრილი #1. 10 დეკემბერი 

 

·განსხვავებული პრიორიტეტები გამოავლინა ასევე ტელეკომპანია მესტრომ. 2 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებათა უმრავლესობის (რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, GDS, ტაბულა) რიგით პირველი თემამონტენეგროს ნატოში გაწევრიანება და კომუნიკეს მიღება იყო, რომელშიც საუბარი იყო ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე. ტელეკომპანია მესტრომ თემას მერვე რიგითობა მიანიჭა და საინფორმაციო გამოშვება სხვა ახალი ამბით დაიწყო. მაესტროს პრიორიტეტული თემა უმრავლესობის სხდომა გახდა, რომელზეც მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდა.3 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებათა უმეტესობის დღის მნიშვნელოვანი თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძრაობის ნორმების პროექტის წარდგენა იყო, რომელიც ცხრა ახალ რეგულაციას ითვალისწინებს. კერძოდ, 2016 წლიდან მართვის მოწმობის ქულებით მართვის სისტემაზე გადასვლა, პატრულის მანქანის ფარულად, ამოსაცნობი ნიშნის გარეშე მოძრაობა და მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეების დაჯარიმება, აგრეთვე, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვა. არასამთავრობოთა ნაწილი ახალ რეგულაციებს აპროტესტებდა, ნაწილს კი მიაჩნდა, რომ ისინი ევროსტანდარტებს იყო მორგებული. ტელეკომპანია მაესტრომ საკითხი მეორე ბლოკის მეთექვსმეტე თემად გააშუქა. იხ. ცხრილი #2  

ცხრილი #2. 2-3 დეკემბერი.

 

პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიები საინფორმაციო ბადის უდიდეს ნაწილს პოლიტიკურ თემებს უთმობენ. აღნიშნული თემატიკის მხრივ, 4 ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი, ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი და ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების გაშუქება. ამ მხრივ, ტელეკომპანიებმა განსხვავებული ტენდენცია გამოავლინეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს მისი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები სჭარბობდა, ხოლო მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში კი - პირიქით, კრიტიკის შემცველი სიუჟეტები უფრო მრავლად იყო წარმოდგენილი. ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები სჭარბობდა რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში, ხოლო ტაბულას საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემების უფრო დიდი წილი დაფიქსირდა, ხელსუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ თემებთან შედარებით. მონიტორინგის შედეგად აგრეთვე გამოვლინდა ყველაზე ნაკლებად დაბალანსებული ტელევიზია - GDS-ი, რომლის საინფორმაციო ბადეში ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს 16%-ით, ხოლო ოპოზიციის კრიტიკის შემცველი სიუჟეტები მისი საქმიანობის ამსახველ სიუჟეტებს 5%-ით სჭარბობდა. იხ.დიაგრამა #1

დიაგრამა #1


ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი თემები

·ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი თემები დეკემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში გაშუქდა. მაგალითად, ორივე ტელეკომპანიის 10 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა იდენტური შინაარსის მქონე თემები, სადაც ჟურნალისტები ცდილობდნენ, თბილისის მერიის მიერ გასაჯაროებულ მისამართებზე პროექტ „მილიონი ხის" ფარგლებში დარგული ხეები მოეძიათ. სიუჟეტების თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, მათ აღნიშნულ მისამართებზე დარგული ხეები ვერ აღმოაჩინეს. აღნიშნული საკითხი მეორე ბლოკის მეთერთმეტე სიუჟეტად გააშუქა ტელეკომპანია იმედმაც.

·ყველაზე ნაკლებად მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ თემებს GDS-ი აშუქებდა. მაგალითად, ტელეკომპანიის ეთერში არ გაშუქებულა აქცია, სადაც მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამდნენ სოფელ დიღომში დაზიანებული გზების მდგომარეობის გამო და მათ შეკეთებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აგრეთვე აპროტესტებდნენ გზების მხოლოდ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახლამდე გაყვანას.GDS-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ გაშუქებულა ევროსაბჭოს კომისიის ანგარიში ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, პატიმრების წამების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობა, ე.წ. „კანონიერი ქურდები" და „მაყურებლები" ისევ პრობლემად რჩებოდა. ტელეკომპანიებმა ტაბულამ და მაესტრომ აღნიშნული საკითხი მეორე სიუჟეტად გააშუქეს, რუსთავი 2-მა - მერვე სიუჟეტად, ხოლო იმედმა - მეორე ბლოკის მეთერთმეტე სიუჟეტად. იხ.ცხრილი#3 

 

ცხრილი#3.15 დეკემბერი

 

ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემები

ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, ტელეკომპანიები GDS-ი და ტაბულა ლიდერობდნენ. აღნიშნული თემები მათსავე საინფორმაციო ბადეში უმეტეს ნაწილს იკავებდა და თანაბარი მაჩვენებლით დაფიქსირდა. მათ შემდეგი რიგითობით მოსდევდნენ ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო და რუსთავი 2. ხელისუფლების საქმიანობას საკუთარ საინფორმაციო ბადეში ყველაზე ნაკლებ წილს რუსთავი 2 უთმობდა, რაც არ მიუთითებს ტელეკომპანიის მიერ თემების გამოტოვებაზე. „კურიერის" შედარებით ვრცელი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემების უმეტესობა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა. თუმცა, არ გაშუქებულა რამდენიმე სამთავრობო ვიზიტი, ასევე, მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი უსახლკარო მოქალაქეებისთვის აშენებული ე.წ. „უსახლაკაროთა ქალაქი" ლილოში.

ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები

·ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი თემების გაშუქების თვალსაზრისით დეკემბერშიც, ნოემბრის მაჩვენებლის მსგავსად, ტელეკომპანია GDS-ი ლიდერობდა. სიუჟეტები ისევ ერთი კონკრეტული პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ შუქდებოდა და უმეტეს შემთხვევაში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მოვლენებს ეხმაურებოდა. მაგალითად, აღსანიშნავია GDS-ის 25 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვების რიგით მეხუთე და მეექვსე სიუჟეტები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებას ეხებოდა. კერძოდ, რიგით მეხუთე სიუჟეტში, სახელწოდებით „სააკაშვილის სასამართლო", გაშუქდა ერთ-ერთი იზოლატორის ყოფილი უფროსის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენება, რომელიც გირგვლიანის საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების პრივილეგირებულ მდგომარეობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ მათ ხშირად სტუმრობდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები და მის კაბინეტში არაერთხელ გაუმართავთ დროსტარება. სიუჟეტის ბოლოს აღინიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოთხივე პატიმარი შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლა.

GDS-ის რიგით მეექვსე სიუჟეტი პროკურატურის მიერ სერგო თეთრაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ეხებოდა. თეთრაძის ოჯახი და ჯაშუშობაში ბრალდებული სხვა პირები საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ.

·ყველაზე ნაკლები წილი ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი თემების გაშუქების მხრივ, ტელეკომპანიების რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო ბადეში დაფიქსირდა. 4 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელება. აღნიშნული საიტის თანახმად, სატელეფონო საუბარი ძმებ გოკა და ლადო გაბაშვილებს შორის განხორციელდა. ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების გვარები სახელდება და საუბარია მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე. მოძრაობის ყოფილი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც „ხელისუფლების გიჟი", რომელიც გაბაშვილს, გიგა ბოკერიასა და ციხეში მყოფ გიგი უგულავას ებრძვის. ჩანაწერის გავრცელების ფაქტი მაესტრომ, GDS-მა და იმედმა რიგით პირველ სიუჟეტად გააშუქეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას მეორე ბლოკში მეშვიდე რიგითობა მიანიჭა. აღსანიშნავია, GDS-ის სიუჟეტის სახელწოდება - „დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში", რაც ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის გარეშე, შესაძლოა, მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზეზი გამხდარიყო. რუსთავი 2-სა და ტაბულას საკითხი არ გაუშუქებიათ. იხ.ცხრილი #4  

ცხრილი #4. 4 დეკემბერი

 

ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემები  

·ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემების წილი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია ტაბულას საინფორმაციო ბადეში დაფიქსირდა. ტაბულაც უმეტესად ერთი კონკრეტული პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ასახვით შემოიფარგლებოდა. ტელეკომპანიის ეთერში ძირითადად შუქდებოდა მოძრაობის წევრების ვიზიტები და შეხვედრები. მაგალითად, 8 დეკემბერს მხოლოდ ტაბულას საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვიზიტი აშშ-ში და 21 დეკემბერს, ასევე, მხოლოდ ტაბულამ დაუთმო სიუჟეტი პარტიის წევრების შეხვედრას ავტოდილერებთან, რომლებიც მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

·ოპოზიციის საქმიანობის ასახვას ყველაზე ნაკლებად ტელეკომპანია GDS-ი ახორციელებდა, რომლის საინფორმაციო ბადეში ოპოზიციის კრიტიკის შემცველი თემების წილი მისი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების წილს 6-ჯერ აღემატებოდა.

დამოუკიდებელი თემები

·დამოუკიდებელი თემების საინფორმაციო ბადეში განთავსებით ტელეკომპანიები მაესტრო, რუსთავი 2 და GDS-ი გამოირჩეოდნენ. ამათგან, რუსთავი 2-ისა და მაესტროს დამოუკიდებელი თემები უმეტესწილად მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას, ხოლო GDS-ის დამოუკიდებელი თემები ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას შეიცავდა.

·14 დეკემბერს ტელეკომპანია მაესტროს რიგით პირველი სიუჟეტი პანკისის ხეობის მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფასა და პრობლემებს ასახავდა. სიუჟეტში, სახელწოდებით "სპეციალური რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან", პანკისელები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და მათი საჭიროებების იგნორირებას უჩიოდნენ. სიუჟეტში საუბარი იყო ახალგაზრდების სირიაში გადინებაზეც. მსგავსი შინაარსის სიუჟეტი მაესტროს 16 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაშიც მოხვდა.

·რაც შეეხება რუსთავი 2-ს, აღსანიშნავია ტელეკომპანიის 3 დეკემბრის რიგით მეცხრე სიუჟეტი სახელწოდებით „სასურსათო დახმარება", რომელშიც მთათუშეთის მოსახლეობის 50 ლარიანი სასურსათო პაკეტით მომარაგება იყო გაშუქებული. სიუჟეტში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა იყო გამოთქმული. მთავრობის მიმართ ბრალდებები გაისმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მხრიდანაც, რასაც კატეგორიულად უარჰყოფდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში.

რუსთავი 2-ის 17 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოში ბითკოინების წარმოებას ეხებოდა. სიუჟეტის თანახმად, მსოფლიოში არსებული ვირტუალური ვალუტის სამი ცენტრიდან ორი საქართველოში - გლდანსა და გორში ირიცხება. ამ დროისათვის უცნობია, როგორც ბითკოენების მფლობელების ვინაობა, ისე მათი საერთო რაოდენობა, თუმცა, ცნობილია, რომ სერვერების მონტაჟისთვის 18 ჰექტარი მიწა კომპანია "BitFury ჯორჯიამ" სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეიძინა. ექსპერტების ნაწილის თანახმად, მსგავსი საწარმოები შესაძლოა, ფულის გათეთრების წყაროდაც იქცეს, რადგანაც ისინი სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის კონტროლს არ ექვემდებარება. კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან მათ საქმიანობასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის უარყოფის მიუხედავად, სიუჟეტში ექსპერტების ნაწილი ივანიშვილის პირად ინტერესებზე მიუთითებს , რის საილუსტრაციოდაც, გორის ცენტრში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის მიერ ათი მილიონის ინვესტიციის განხორციელება და სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კომპანიის საქმიანობის წახალისება მოჰყავთ, რომელიც არც ერთი სახელმწიფო სექტორის მიერ არ რეგულირდება. სიუჟეტის ფონად გამოყენებული იყო კომპანიაში პრემიერ ღარიბაშვილის სტუმრობის კადრებიც.

· აღსანიშნავია ტელეკომპანიაGDS-ის მიერ 22 დეკემბერს გაშუქებული სიუჟეტი ე.წ. ოპერაცია „ენვერის" შესახებ, რომელიც, ჟურნალისტის შეფასებით, შეწყალების კომისიის სკანდალის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა. სიუჟეტში რუსთავი 2-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ საქმეში ბრალდებული 2 პატიმრის „ჯაშუშებად" მოხსენიებას გაესვა ხაზი და ჟურნალისტის მიერ ითქვა, რომ ადვოკატების მტკიცებით, საქმეში ყოფილი პატიმრების ბრალის დამადასტურებელი ფაქტები არ ფიქსირდებოდა. სატელეფონო საუბარში კვესიტაძემ აღნიშნა, რომ მან გადაცემაში მხოლოდ ყოფილი პატიმრების ჩამონათვალი გააშუქა და მის მიერ მათი ბრალეულობის საკითხის განსაზღვრას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული სიუჟეტი ტელეკომპანია GDS-ის მიერ დეკემბერში რუსთავი 2-ზე გაშუქებული საკითხებით დაინტერესების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. 3 დეკემბერს „20/30" - ში გაშუქდა სიუჟეტი სახელწოდებით „ნახევარმილიონიანი დახმარება", რომელიც აგრეთვე რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს შეეხებოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა, დავით კიკალიშვილმა აღნიშნული ფაქტი მისი გადაცემის „დისკრედიტაციის მცდელობად" შეაფასა. საქმე ეხებოდა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ვარდიაშვილების ოჯახს, რომელსაც რუსთავი 2-ზე გაშუქებული სიუჟეტის თანახმად, ზარალის კომპენსაცია არ ჰქონდა მიღებული. GDS-ის სიუჟეტის თანახმად კი, ოჯახს რუსთავი 2-ის გადაცემის ეთერში გასვლამდე ზარალის ანაზღაურების სახით 500000 ლარზე მეტი ჩაერიცხა. აღნიშნული სიუჟეტი GDS-ის 3 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვების პირველი რიგითობით გაშუქდა.

·განსხვავებული, არატრადიციული ფორმატით გავიდა ეთერშიGDS-ის 30 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვება, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობას აფასებდა, წამყვანი კი კრიტიკული შეკითხვებით, მათ შორის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არ გამოირჩეოდა.

გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემები

·14 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოთხოვნა საყდრისის საქმის გამოძიების შესახებ არ გააშუქეს ტელეკომპანიებმა იმედმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და GDS-მა.

·აღსანიშნავია ორი თემა, რომელიც უშუალოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეხებოდა. კერძოდ, „კურიერის" 8 დეკემბრის რიგით პირველი სიუჟეტი ეხებოდა ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას მძღოლს, რომლის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მის გადაბირებას ცდილობდნენ და ტელეკომპანიიდან ინფორმაციის გატანის სანაცვლოდ თანხასაც დაჰპირდნენ. საკითხი რუსთავი 2-ისა და ტაბულას გარდა, კვლევაში მონაწილე არც ერთ ტელეკომპანიას მომდევნო დღეებშიც არ გაუშუქებიათ.

აგრეთვე, მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა ტელეკომპანიის ჟურნალისტების - ნათია ტრაპაიძისა და დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები დაკითხვაზე მათ მიერ „კოკაინის საქმეზე" მომზადებული სიუჟეტების გამო დაიბარეს. ვინაიდან საქმე ეხებოდა პროკურატურის მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებით დაინტერესებას, საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სხვა ტელეკომპანიების მხრიდან საკითხის იგნორირება თემის გამოტოვებად ითვლება.

·მონიტორინგის შედეგად, დეკემბერში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია GDS - ი გამოიკვეთა. ტელეკომპანია უმეტესად ტოვებდა ისეთ თემებს, რომლებიც ასახავდა ოპოზიციის საქმიანობას, მოქალაქეების მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულებას და კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. მაგალითად, ტელეკომპანიას არ გაუშუქებია ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის მიერ მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი. ნინო გოცაძე დავით ნარმანიას და მერიის მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ის ქალაქის მთავრობამ ყოველგვარი ახსნა-განმარტეისა და შესაბამისი დოკუმენტაციიწარდგენის გარეშე გადააყენა თანამდებობიდან. გოცაძე ვარაუდობდა, რომ მისი გადაყენების მიზეზი ის გეგმები იყო, რომლებიც ბაღის სამომავლო განვითარებას უკავშირდებოდა და რომელსაც გოცაძე წინააღმდეგობას უწევდა. საუბარი იყო ბოტანიკური ბაღის, დენდროლოგიური ბაღისა და ვერეს ხეობის გაერთიანებაზე. მისი თქმით, მერია ქ ტურისტული ზონის განვიარებას აპირებდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ბაღის სამეცნიერო ნაწილს. გოცაძე გეგმას სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგებოდა. ქალაქის მერის მოადგილემ გოცაძის ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ის პოსტიდან ბაღში არსებული მდგომარეობის გამო მოხსნეს. აღნიშნული თემა რუსთავი 2-მა მესამე, იმედმა - მეექვსე და მაესტრომ მერვე სიუჟეტად გააშუქეს.

10 დეკემბერს, GDS -ის გარდა, ყველა ტელეკომპანია გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტაბულამ აღნიშნული საკითხი პირველი რიგითობით, ხოლო რუსთავი 2-მა, იმედმა და მაესტრომ - მეშვიდე რიგითობით გააშუქეს.

·მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების მხრივ, აგრეთვე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტელეკომპანია ტაბულას საინფორმაციო ბადეში. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს „ფოკუსის" შედარებით მოკლე ქრონომეტრაჟი და 25-31 დეკემბრის განმავლობაში გამოშვების ეთერში არ გასვლის ფაქტი, რის გამოც, ტელეკომპანია აღნიშნულ დღეებში კვლევას გამოეთიშა და შესაბამისად, ამ დღეებში სხვა ტელეკომპანიების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი თემები მის მიერ გამოტოვებულად არ ითვლება.

·ტელეკომპანია რუსთავი 2, კვლევაში მონაწილე სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს. 

 

იხ. თაიმლაინი

 თემატური მრავალფეროვნება 

·თემატური მრავალფეროვნების თვალსაზრისით, სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, „მოამბე" სხვა საინფორმაციო გამოშვებებზე მეტად უთმობს საეთერო დროს უმცირესობების, რელიგიისა და ჯანდაცვის თემატიკაზე სხვადასხვა საკითხების გაშუქებას.

·ამასთან, თემატურობის მიხედვით, ტელეკომპანიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტების წილები სხვადასხვაგვარად გადანაწილდა და შესაბამისად, განსხვავებული ტენდენციები გამოავლინა.

 იხ. ინფოგრაფიკა

უკან